თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი 15 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ქართული ხალხური რეწვის პროგრამის მონაწილეებს ღია ცის ქვეშ უმასპინძლებს, იტყობინება საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
"პროგრამის მიზანი საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება.საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება", — აღნიშულია მუზეუმის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას და ტრადიციულ მჭედლობას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქვაზე კვეთა და მხატვრული დამუშავება.
ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეები გაიცნობენ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატებს, დახელოვნდებიან, აითვისებენ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგს, რითაც შეეცდებიან გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.
პროგრამის მონაწილეები ეთნოგრაფიულ მუზეუმში ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან. მონაწილეობის მსურველთათვის კი საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).