თეონა გოგნიაშვილი
ცნობილია, რომ ცივი იარაღისადმი სიყვარული ან ადამიანის კრიმინალური ბუნებით აიხსნება ან მისი შემოქმედებითი ნატურით. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე მეორესთან გვაქვს. შიო ოდიშელიძე თავის საოცარ დანებს ტრადიციული ქართული მეთოდით ამზადებს. მისი ნახელავები უკვე გამოიფინა იტალიაში, ხალხური რეწვის ფესტივალზე, სადაც მეორე ადგილი აიღო, სამი წლის წინ გამოფენა სტრასბურგში გაიმართა. ათენში შიო ოდიშელიძის ნამუშევრების გამოფენა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით მოეწყო.ზედიზედ თორმეტი წელია, რაც საკუთარი ნახელავები ხელოვანს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქართული რეწვის ფესტვალზე გამოაქვს. დიდი ხანი არ არის, რაც ის საცხოვრებლად თბილისიდან მთაში გადავიდა და სახელოსნოც იქ მოაწყო. როცა მუშაობისთვის იდეალური ფონი შექმნა, პაპისეული სახლი აღადგინა, ტრადიციული ხელობა სოფლის ბავშვებს ასწავლა და გამოფენაც მოუწყო.
-ბატონო შიო, ბავშვობაში დანებით ყველა პატარა ბიჭია გატაცებული და ალბათ არც თქვენ იყავით გამონაკლისი?
— როცა პატარაობისას სოფელში ჩავდიოდი, ყველგან ძველ ხანჯლებს ვეძებდი, მათ ვაკვირდებოდი, ვშლიდი, ვასუფთავებდი და ვლესავდი. დანების სიყვარულიც ალბათ იქიდან მომყვება. თანაც, წარმოიდგინეთ, ქართველი კაცის გენში რამდენი საუკუნეა, რაც რკინის იარაღების დამზადება- დამუშავების ტრადიციაა ჩადებული?!.. თუ ვიბრძოდით, რკინის ხმლებით ვიბრძოდით და თუ ვშრომობდით- ჩვენი სამუშაო იარაღიც რკინისგან იყო გაკეთებული. პირველი ნამუშევარი ძალიან მიყვარდა, მახსოვს, ქარქაშიც კი მოვხატე. ის დანა ბალიშის ქვეშ მედო, ღამე მეღვიძებოდა და ხელს შევავლებდი ხოლმე, მერე ერთ კახელ გლეხს ვაჩუქე.
-მკითხველს ალბათ დააინტერესებს მათ დასამზადებლად რა მასალებს იყენებთ?
— დანის დასამზადებლად ყველაფერს ვიყენებ, რასაც ფოლადი ჰქვია. კიდევ სხვადასხვა მასალას, როგორიცაა: ძვალი, რქა,განსხვავებული ჯიშის ხეები, ზამბარა, გუთნის პირი, საკისარი და ბევრი სხვა რამ, ფოლადს თვითონაც ვასხამ. დანების გარდა სხვა ნივთები არ მაინტერესებს და სურვილიც არ მქონია, რომ დამემზადებინა. თითო დანის გაკეთება ძალიან შრომატევადი საქმეა და საკმაოდ ძვირი ჯდება. ნამუშევრის ფასი 300 დოლარის ექვივალენტიდან იწყება.დანა ხან ექვს თვეში დამიმზადებია, ხანაც ყოფილა შემთხვევა, ათ დღე-ღამეშიც გამიკეთებია. რომ მკითხოთ, სულ რამდენი დანა მაქვს დამზადებულიო, ნამდვილად არ მახსოვს, ალბათ ბევრი…
-უჩვეულო დამკვეთი ხომ არ გახსენდებათ?
— ერთხელ დანა გერმანიის საელჩოდან შემიკვეთეს, როცა ჩემი ნაკეთობა მივუტანე, იმ ადამიანმა თავისი ამერიკული დანა მაჩვენა,- ამაზე ნაკლები ფოლადი არ იყოსო, გამოვართვი და ჩემი დანით მისი დანის პირიდან ბურბუშელა ავათალე. ფაქტი ჯიუტი იყო: ჩემი გაკეთებული დანა უფრო მჭრელი იყო. ერთი ნამუშევარი მახსოვს, აფრიკის პაპს მიართვეს.
-ბატონო შიო, ალბათ ასეთი ლამაზი ნაკეთობები ბოროტების ჩადენის სურვილს არავის გაუჩენს?
— ჩემი გაკეთებული დანა ბოროტების ჩადენის სურვილს ნამდვილად არავის გაუჩენს, რადგან მათში სულს ვდებ, სუფთა გულით და ღიღინით ვაკეთებ. ამიტომ მათ კარგი აურა აქვთ.
- რომელია ყველაზე უცნაური შეფასება, რაც მოგისმენიათ?
— ერთხელ ჩემს გამოფენაზე მოსულმა სტუმარმა ასეთი რამ მითხრა: ისეთ ლამაზ დანებს აკეთებთ, ეგ უცხოს როგოორ უნდა გაუყარო, ისევ შინაურისთვის თუ,,გაიმეტებო“. ეს იყო ყველაზე არანორმალური შეფასება, რაც კი მომისმენია.
- ბატონო შიო, დიდი ხანია, გაწუხებთ იდეა, რომ თბილისში, ქართული ტრადიციული რეწვის ოსტატებმა ერთ ადგილას მოიყაროთ თავი…
— ძალიან მინდა, ქალაქში ერთი ისეთი ადგილი გამოგვიყონ, სადაც ძველი, ტრადიციული დარგის ოსტატები ერთად ვიქნებით და ჩვენს საქმიანობას ხალხი მიადევნებს თვალს. ნამუშევრების რეალიზებაც იქვე მოხდება. ამგვარი ადგილი ტურისტსაც მიიზიდავს, ჩვენც დაგვასაქმებს და თბილისსაც მოუხდება.
- შეგირდებიც თუ გყავთ, რომლებსაც თქვენს ცოდნას უზიარებთ?
— დიახ, სოფელში ბავშვები ავიყვანე და მათ ჩემი ხელობა ვასწავლე, მერე გამოფენებიც გავუკეთე. ეს პროექტი ბავშვთა ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ბავშვებისთვის ეს საქმე უნდა მესწავლებინა და ვასწავლე კიდეც. ესაა ჩემი ცხოვრების აზრი…
- დიდი მადლობა საუბრისთვის.