თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან —15 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, ნათქვამია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
წელს პირველად განხორციელდება ოთხი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა: მეფუტკრე, მზარეული, სარესტორნო საქმე და სასტუმრო მომსახურება. აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამას თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები განახორციელებენ.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე მოქმედებს ელექტრონული რეგისტრაციის (ონლაინ) რეჟიმიც.
„რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლებენ, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება.
წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია დამატებით სამ მუნიციპალიტეტში — სტეფანწმიდას, თიანეთისა და ლაგოდეხში.