თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას არ აპირებს.
საპრეზიდნტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. თუ განახლებული კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო, არ შეიცველბა, ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები.
„მინდა ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როდესაც ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ავტობანის ბოლო მონაკვეთს. მანამდე, ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კენჭისყრას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაპირებები, რომლებიც გავეცით, აღსასრულებელია და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.
ასე უპასუხა მან შეკითხვაზე იმის შესახებ, აპირებდა თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტთან შედარებით მეტი უფლებამოსილება გააჩნია. ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი პრემიერთან შეთანხმებით იღებს. პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტს მხოლოდ სახელმწიფო დაჯილდოების, ამნისტიისა და მოქალაქეობის მინიჭების საკითხებს. პრეზიდენტს ასევე პარლამენტის საკანონმდებლო აქტების მიმართ ვეტოს გამოყენების უფლება გააჩნია.