თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ბოლნისში უქმეებზე გრანდიოზული დღესასწაული მოეწყო — ბოლნისელები „ბოლნისქალაქობას“ აღნიშნავენ.
ბოლნისის სახელწოდება ისტორიულია, ქალაქმა ის მხოლოდ 1943 წელს დაიბრუნა. 1918 წლიდან 1921 წლამდე დასახლება კატერინენფელდის სახელწოდებას ატარებდა, ხოლო 1921-დან 1943 წლამდე — ლუკსემბურგის.
წელს ბოლნისობასთან ერთად გერმანელი კოლონისტების გადმოსახლების 200 წლისთავს აღნიშნავენ, რომლებმაც 1818 წელს ბოლნისის ადგილზე დასახლება კატერინენფელდი დაარსეს. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებების ნაწილი ქალაქის ძველ გერმანულ უბანში საქართველოში გერმანიის საელჩოს პატრონაჟით მიმდინარეობს.
საზეიმო ღონიძიებაში მონაწილეობა მიიღო გერმანიის სამხედრო ორკესტრმა, რომელმაც ქალაქის ქუჩებში მარშით გაიარა და მოგვიანებით ცნობილი მარშები და ჯაზ-კომპოზიციები შეასრულა.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია ქართული და გერნამული ეროვნული სამზარეულოს კერძები. მიმდინარეობს უცხოეთში ქართული ტრადიციით დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.
ბავშვებისთვის გათვალისწინებულია მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.
ბოლნისის ქუჩებში იმართება სხვადასხვა თეატრალური დადგმები, გამოფენები, ისმის ქართული და გერმანული ანსამბლების მიერ სესრულებული მუსიკა, ეწყობა ექსკურსიები.
დღესასწაულის ფარგლებში გერმანიის საელჩო ქალაქს ახალ საბავშვო მოედანს გადასცემს. გარდა ამისა, ბოლნისში რამდენიმე მემორიალური დაფა გაიხსნება.
„ბოლნისქალაქობა 2017“ დასრულდება სპექტაკლით ქალაქის ისტორიის შესახებ სახელწოდებით „ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუკსემბურგი, ბოლნისი“, რომელშიც მინაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები მიიღებენ.
თბილისში კი „თბილისობა 2017“ მიდმინარეობს — ქალაქის ისტორიული ცენტრი ერთ დიდ ზეიმად იქცა. „თბილისობა“ უკვე 33-ჯერ აღინიშნება.