თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თუშეთის ეროვნული პარკი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რთულად მისადგომი ადგილი, მაისი-ოქტომბრის პერიოდში 14 300-ზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა, ნათქვამია პარკის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა ზამთრობით იკეთება, და ოქტომბრიდან მაისამდე იქ მანქანით ასვლა თითქმის შეუძლებელია. ამ კვირაში ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავები ჩამოწვა, მაგრამ ამჟამად გზა გაწმენდილია.
თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ნახევარზე მეტს უცხოელები შეადგენენ. ხუთ თვეში ეს ულამაზესი მხარე 9 000-მა უცხოელმა დაათვალიერა.
ყველაზე მეტი დამთვალიერებელი აგვისტოში დაფიქსირდა — 6 000-მდე ადამიანი.
იანვარ-სექტემბერში საქართველოს 5,8 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს 19,2%-ით აღემატება. მათგან 3 მილიონამდე ტურისტი იყო.