თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში „რთველი 2017"-ის ფარგლებში მოსავალი 13 ათასმა მევენახემ ჩააბარა.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროში დაიწყო აგვისტოს ბოლოს. ეტაპობრივად პროცესში სხვა რაიონებიც ჩაერთო. 10 სექტემბრისთვის რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ყურძენს 2017 წელს 100–ზე მეტი კომპანია იბარებს.
5 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში 103 ათასზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 117 მილიონ ლარს გადააჭარბა.
რთვლის ორგანიზებულად ჩასატარებლად, ტრადიციულად, გახსნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2017 წელს კახელ ფერმერებს სუბსიდიას არ გამოუყოფს, როგორც ეს გასულ წლებში იყო, და ეს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე დიდი მოთხოვნილებით ახსნა.
თუმცა, ის ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს 0,70 ლარად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.
რთველი უახლოეს დღეებში ცნობილი „ხვანჭკარის" სამშობლოში — რაჭაში დაიწყება. საკოორდინაციო შტაბის გახსნა ამბროლაურში 9 ოქტომბერს იგეგმება.
რაჭაში ყურძნის გადამუშავებისთვის 20-მდე კომპანია არის მზად. წინასწარი მონაცემებით, ამ რეგიონში მოსავლის რაოდენობა 700-800 ტონა იქნება.
განსხვავებით კახეთისგან, მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმში გადაწყვიტა სუბსიდირების შენარჩუნება „ალექსანდროულისა" და „მუჯარეთულის" სახეობების (ამ ყურძნის ჯიშებისგან მზადდება „ხვანჭკარა") შესყიდვისას — სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.