თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რომში, პარიზში, ბარსელონასა და პრაღაში ფრენების განხორციელებას დაიწყებს, განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს. ახალი რეისების შესრულება 2018 წლის მაისიდან ოთხი მიმართულებით დაიწყება.
გარდა ამისა, კომპანია ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.
„ავიაკომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ქუთაისიდან ფრენების განხორციელებიდან ერთი წლის თავზე მგზავრთა ნაკადი გასამმაგდა“, — აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.
დღეისათვის ავიაკომპანია ქუთაისიდან მსოფლიოს რვა ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტიან მიმართულებას სთავაზობს.
ქუთაისის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალურად ის 2012 წლის სექტემბერსი გაიხსნა.
აეროპორტის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.