თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა და სომხურმა ეკლესიებმა, ასევე საქართველოს ხელისუფლებამ სოფელ კუმურდოში მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტი შეაფასეს.
30 სექტემბერს სოფელ კუმურდოს მცხოვრებლები Х საუკუნის ეკლესიის ეზოში, რომელსაც მიმდინარე რესტავრაციის გამო პოლიცია იცავს, წინაპართა ძვლების საფლავზე ქვაჯვარის დადგმას შეეცადნენ.
დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველას. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია დაუშვებელია. ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ-სომხურ მეგობრობას დავიცავთ. წინდახედულებას გამოვიჩენთ და წამოჭრილ საკითხებს კანონის გზითა და ქრისტიანული სიყვარულით გადავწყვეტთ", — ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ კუმურდოში დაძაბულობა ეკლესიის წარმოშობის თაობაზე გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გამოიწვია.
„სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქია ამტკიცებს, რომ მას ტაძართან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს და მას ქართულ ეკლესიად მიიჩნევს", — ნათქვამია განცხადებაში.
სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ეკლესიის ეზოში რამდენიმე საფლავი იქნა აღმოჩენილი. იქ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ დაკრძალული და მათი ხსოვნისთვის პატივის მიგება თითოეულის ვალია, აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონია საქართველოში.