თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. შემოწირულობის რაოდენობის მხრივ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" კვლავ პირველ ადგილზეა — სექტემბერში პარტიამ 4 მილიონზე მეტი ლარი მიიღო.
მთლიანობაში სექტემბერში დარეგისტრირებულმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობის სახით 4,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე.
ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" შემოწირულობის სახით გადაურიცხეს 336 ათასი ლარი, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 36 ათასი ლარი.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათ შორის ლიდერობენ გულო ზუმბაძე — 15,5 ათასი ლარი და ალექსანდრე ელისაშვილი — 15,1 ათასი ლარი.
პარტიები ვალდებული არიან, მონიტორინგის სამსახურს თავიანთი შემოსავლების, მათ შორის შემოწირულობების შესახებ სრული ანგარიში წარუდგინონ. შემოწირულობის თანხა ფიზიკური პირისგან არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს წელიწადში, ხოლო იურიდიული პირისგან — 120 ათას ლარს.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.