თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. წამყვანმა ქართულმა ტელეკომპანიებმა საინფორმაციო გამოშვებების პრაიმ-ტაიმში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშში.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. უწყებამ 37 ცენტრალური და რეგიონული ტელეარხის მუშაობა შეისწავლა.
საქართველოს წამყვანი ტელეკომპანიების („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“ და „იმედი“) საინფორმაციო გამოშვებებში დათმობილი დროის მიხედვით ლიდერთა სამეული: „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
ამ დროს მმართველ პარტიას პრაიმ-ტაიმში ყველაზე მეტი დრო „აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაუთმო — 56%. შემდეგ მოდის „იმედი“ (49,6%), „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (ორივე შემთხვევაში 35%-ზე მეტი).
რაც შეეხება ოპოზიციას, ყველაზე მეტი დრო პრაიმ-ტაიმში „საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და „იმედმა“ დაუთმო პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ხოლო „აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და „რუსთავი 2“-მა — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
საანგარიშო პერიოდში კომისიამ ოთხი დარღვევა გამოავლინა. ორი დარღვევა ეხება „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებას, კიდევ ორი — არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის არაპოლიტიკურ გადაცემებში მონაწილეობას.
ყველა ამ არხს დარღვევების გამოსწორების რეკომენდაცია მიეცა.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ყველა ტელეკომპანიას შეახსენა ვალდებულება, ჩაატაროს ყველა პოლიტიკური სუბიექტის მონაწილეობით დებატები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.