თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე 9 თვის განმავლობაში გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 6,9 %-ით შემცირდა, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 109.5 ათასი ტონა, რაც 8.5 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 58.5 ათასი ტონა (მატება 0.6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 51.0 (მატება 7,9 ათასი ტონით) ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი — 41,6 ათასი ტონა ანუ 71,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი — 15,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი — 1,0 ათასი ტონა ანუ 1,7%.
ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 51 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი ფაქტიურად არ განხორციელებულა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან — 30,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი — 23,3 ათასი ტონა (21,3%), აზერბაიჯანი — 21 ათასი ტონა (19,2%), ბულგარეთი — 14,8 ათასი ტონა (13,5%), თურქმენეთი — 14,0 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი — 5,8 ათასი ტონა (5,3%).
მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 786,6 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 54,3 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია.
მათ შორის, 2017 წლის სამი კვარტლის შედეგებით ბენზინის იმპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 12,7 ათასი ტონით ანუ 3,25%-ით და შეადგინა 390,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა 41,6 ათასი ტონით ანუ 10,5%-ით 396,1 ათას ტონამდე.
შეგახსენებთ: ქვეყანაში 2017 პირველ ნახევარში 456,7 ათასი ტონა შემოიტანეს, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საწვავის შემოტანა მიმდინარე წლის აგვისტოშიც შემცირდა — ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 100,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 19,3 ათასი ტონით ნაკლებია.