რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკურ კრედიტზე - ეროვნული ბანკის რჩევები

© photo: Sputnik / Stringerლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები
ლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იპოთეკური კრედიტის აღებამდე საჭიროა კრედიტორების შემოთავაზებების ყურადღებით გაცნობა და ყველა შესაძლო დანახარჯის გათვალისწინება

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი სახელწოდებით „ბინის შეძენა იპოთეკური სესხით“, სადაც ყველაზე მთავარი რჩევებია მოცემული.

ვიდეორგოლი განკუთვნილია მათთვის, ვინც უძრავი ქონების შეძენას, აშენებას ან გარემონტებას იპოთეკური კრედიტით გეგმავს.

"იპოთეკური სესხების შესახებ საგანმანათლებლო მასალის შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების თვალსაზრისით. იპოთეკური სესხის აღება ძალზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც მომხმარებლისგან შესაძლებლობებისა და რისკების გულდასმით შეფასებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი ფორმის საგანმანათლებლო მასალა, რომელზე წვდომაც მომხმარებლებს ადვილად შეუძლიათ ისეთი ვებგვერდებიდან, რომლებსაც ისინი სახლის შეძენის, აშენების ან გარემონტების შემთხვევაში სტუმრობენ“, — განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ბრუნვიდან 50-თეთრიან მონეტებს იღებს

იპოთეკური სესხის აღება რთული და  საპასუხისმგებლო საკითხია, რადგან საუბარია დიდ თანხაზე.

როგორც წესი, იპოთეკური კრედიტი სახლის შესაძენად საჭირო თანხას ფარავს ნაწილობრივ, საერთო ღირებულების 70-80%-ს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახლის შეძენისას საერთო დანახარჯი მის ღირებულებას აღემატება, რადგან მას ემატება ქონების რეგისტრაციის, საბანკო მომსახურების, რემონტისა და ზოგიერთი წვრილმანი ხარჯებიც.

ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მომხმარებლის ხელფასის 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ხელფასს ლარში იღებთ, კრედიტის აღება უცხოურ ვალუტაში არასასურველია, რადგან ლარის მერყევმა გაცვლითმა კურსმა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გაზრდა შეიძლება გამოიწვიოს.

იპოთეკური კრდიტის აღებისას საპროცენტო განაკვეთის ტიპიც უნდა აირჩიოთ — ფიქსირებული და ინდექსირებული. აქ ყველაფერი კრედიტის მიმღები პირის სურვილზეა დამოკიდებული.
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ურჩევს ყველა კრედიტორის შემოთავაზებების შედარებას და თითოეულ მათგანს სთხოვონ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება, რომელიც ვალთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს მოიცავს. იპოთეკური კრედიტის სხვა პირობებიც გასათვალისწინებელია: შესაძლო ჯარიმები, კრედიტის დაფარვის ვადები და გრაფიკი, მისი ვადამდელი დაფარვის პირობები და სხვ.

უძრავი ქონების პორტალებზე განთავსდება ეროვნული ბანკის ბანერები, საიდანაც ბანკის ვებგვერდზე გადასვლა და ამ საგანმანათლებლო ვიდეორგოლის ნახვა იქნება შესაძლებელი.

იპოთეკური კრედიტების თემაზე ვიდეორგოლი და ბროშურები ეროვნულმა ბანკმა "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამისა და მედია-კომპანია LIVE Branding-ის მხარდაჭერით შეიმუშავა.

იპოთეკური კრედიტი — გრძელვადიანი სესხია, რომელსაც ბანკები იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს ქონების უზრუნველყოფით აძლევენ. საქართველოში იპოთეკის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია — ფიზიკური პირის მიერ ბინის შეძენა კრედიტით. ამ დროს, როგორც წესი, იპოთეკით იტვირთება ახლადშეძენილი ან საკუთრებაში უკვე არსებული ბინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში უძრავი ქონების უზრუნველყოფით 3 მილიარდი ლარის კრედიტები გაიცა.

ყველა ახალი ამბავი
0