სახელმწიფოში თუ ვინმე ფიქრობს მომავალზე, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს მომავალი სკოლაში ყალიბდება და მასწავლებელია ამ მომავლის გარანტიც. როგორც ვხედავთ, მისია დიდია და პასუხისმგებლობა — უკიდეგანო. ყველას ჩვენი მასწავლებელი გაგვახსენდება, ზოგი ძალიან რომ გვიყვარდა, ზოგსაც თვალის დასანახავად ვერ ვიტანდით, ზოგი არც გვახსოვს… არადა, რამდენი იწერებოდა: მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბაშვის მშობელი; მასწავლებელი ანბანის დედა; „მასწავლებელი — ბურჯი სიბრძნისა“; „მასწავლებელი — ცოდნის ლამპარიო“…
ისე, დღესაც ყველა ხელს მასწავლებლისკენ იშვერს: პოლიტიკოსი მასწავლებლის გულის მოგებას ცდილობს (მრავალრიცხოვანი ელექტორატია და ამიტომ), ხელისუფალი მასწავლებლის ნდობის მოპოვებისთვის თავს არ იზოგავს (არჩევნებზე ხმები რომ არ დაკარგოს), მშობელი მასწავლებელს შესცქერის (შვილმა მომავალი რომ გაინაღდოს), ბავშვი მასწავლებელზეა დამოკიდებული… მოკლედ, მასწავლებელი ყველგანაა ბედისწერასავით, იქაც კი, სადაც არ გვგონია!
ახლა თავად მასწავლებელს რომ დავეკითხოთ, მძიმე სურათს დაგვიხატავს. მართლაც, რა არ ხდება მის თავს — ტრენინგები, კრედიტები, ატესტაციები, გამოცდები, ელექტრონული ჟურნალები, უამრავი საწერი, საანგარიშებელი, ათასი თავსატეხი… მაგრამ მაინც უძლებს დროისა და ეპოქის გამოწვევებს!
მე იმის მეშინია, ამდენ ვაი-ვაგლახში სახელმწიფოს არ დაავიწყდეს ყველაზე მთავარი — თუ მასწავლებელს არა აქვს მაღალი აკადემიური ცოდნა, არანაირი ტრენინგი, ბლუმის ტაქსონომია და მეთოდოლოგიებზე თავის ხლა არ უშველის. მიეცით დრო და საშუალება, ააწყოს და დააწყოს სასწავლო პროცესი — ჩამოაშორეთ ამდენი სახლაფორთო, ნუ აქცევთ მას საკუთარი თავისა და სხვის მაწვალებლად, დატოვეთ მოსწავლე და მასწავლებელი — სხვა პრიორიტეტი ნუ გექნებათ და ნურც გამოიგონებთ!
მე-20 საუკუნის ნობელიანტმა ქალმა გაბრიელა მისტრალმა (ჩილელი მწერალი) დაგვიტოვა მასწავლებლის 10 მცნება (ესპანურიდან თარგმანი მანანა გიგინეიშვილისა), გამორჩეული პრიორიტეტების განსაზღვრითა და სწავლის პროცესის სიღრმისეული განცდით. ამაზე უკეთესი რა უნდა უსურვო ან სთხოვო მასწავლებელს!
1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაჰბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე სულის ამაღლებაზე, რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, – ღვთისმსახურებაა.
9. ყოველ დღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
მასწავლებლის დღეს გილოცავთ ყველას, რადგან უმასწავლებლოდ ჩვენს ეპოქაში ადამიანი აღარ მოიაზრება. როგორც ეგზიუპერმა თქვა, ჩვენ, ყველანი, ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ბავშვობა სკოლაში მთავრდება, სკოლა კი მასწავლებლით იწყება!