თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩი გერმანიაში სტეფან დიონი თბილისში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.
კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპაში პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა, რომ კანადა მაღალ შეფასებას აძლევს მთავრობის გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დიონმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმა და მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს. დიონმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. კანადის მხარე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია როგორც რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ, აღნიშნულია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 ივლისს დამყარდა. საქართველოს საელჩო ქალაქ ოტავაში 2011 წელს გაიხსნა.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანადასთან, როგორც ნატოს წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარებას, რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია მსოფლიოში დემოკრატიის განვითარება.
საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
2009 წლიდან საქართველოსა და კანადას შორის რეგულარულად ტარდება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.