თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. რამდენად ზრუნავენ თბილისელები თვითგანვითარებაზე და რა საშუალებებს იყენებენ ამისთვის, აღნიშნულ საკითხზე კვლევა ორგანიზაცია ACT Global-მა ჩაატარა.
კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ თვითგანვითარებაზე ათიდან ექვსი თბილისელი (63%) ზრუნავს და ამ მიზნით სხვადასხვა ხერხს იყენებს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მეტწილად ახალგაზრდები ფიქრობენ. ასაკის მატებასთან ერთად კი თვითგანვითარებაზე მზრუნველთა წილი მცირდება.
თბილისელებში თვითგანვითარებისთვის ყველაზე პოპულარული გზებია ელექტრონული ლიტერატურის გაცნობა (28%) და კომპეტენტური ადამიანებისთვის აზრის კითხვა (26%).
კვლევის მონაცემებით, თბილისელების ერთი მეხუთედი თვითგანვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგ-სემინარებს ესწრება (20%). ელექტრონულ ტრენინგებზე დასწრება კი ნაკლებად გავრცელებული ქცევაა (7%).
კვლევა თბილისის მაშტაბით 2017 წლის 31 მარტი — 3 აპრილის პერიოდში ჩატარდა.