თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმეთვიანი კამათის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები კონსენსუსის მიღწევასთან ახლოს არიან.
საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო მოსმენით მიიღო განახლებული კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტმა, ავტორიტეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად გააკრიტიკეს. პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობას „ქართული ოცნება" წარმოადგენს, პრეზიდენტმა ერთპარტიული უწოდა.
„პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მოხდა, ასევე ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ის იზიარებს საჭიროებას, რომ ამ ორი საკითხის ასახვა და განხორციელება კონსტიტუციაში, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს", — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეარხ „რუსთავი 2"-ის (Rustavi 2) ეთერში.
მანამდე პრეზიდენტს მოუწოდეს ესარგებლა ვეტოს უფლებით ცვლილებების იმ პუნქტების მიმართ, რომლებიც ე.წ. ბონუსების სისტემას და საპარლამენტო არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის უფლების აკრძალვას ეხებოდა.
„ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე, გადაწყვეტს თუ რა, რომ მან ეს ორი საკითხი, რომელზეც არსებობს კონსესუსი, ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსესუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე", — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, უნდა ამოქმედდეს სისტემა, რომელიც გაუნაწილებელი ადგილების განაწილებას იმგვარად ითვალისწინებს, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების (2020) შემდეგ უნდა მოხდეს.
"პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა. ამ შეხვედრაზე, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკონსტიტუციო საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის, მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსესუსისკენ", — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრცაიის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციაში იმყოფება, სადაც პარასკევს ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების თაობაზე ორგანიზაციის პოზიტიურ დასკვნას ელოდება.