თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გუშინ სპეციალური რეისითა და გაძლიერებული დაცვით ჩამოიტანეს მსოფლიო შედევრი — დიდი იტალიელი მხატვრის სანდრო ბოტიჩელის „ვენერა" (Venus Pudica).
ბოტიჩელის შედევრის ნახვა შესაძლებელია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (რუსთაველის 3) 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.
„სურათი თბილისში საერთაშორისო დონეზე აპრობირებული ყველა მეთოდის დაცვით ჩამოიტანეს. სურათის ტრანსპორტირება თავის თავზე აიღო იტალიურმა სააგენტომ, რომელმაც ყველაფერი უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით განახორციელა. ამ ყველაფერს იტალიური მხარე კურირებს", — განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ეროვნულ მუზეუმში.
დამთვალიერებლები „ვენერას" იხილავენ კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციებთან ერთად გამოფენაზე „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი — სილამაზე, კარავაჯო — სინათლე".
გამოფენა გაიმართება სამთავრობო პროექტის Check In Georgia მხარდაჭერით, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზებას ემსახურება.
პროექტის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. დაწვრილებით გამოფენის შესახებ იხილეთ აქ.
სანდრო ბოტიჩელი (Sandro Botticelli, ნამდვილი სახელი ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი, 1445-1510) — აღორძინების ეპოქის დიდი იტალიელი ფერმწერი, ფლორენციის სკოლის წარმომადგენელია. მისი შემოქმედება, რომელიც გაჟღენთილია ნეოპლატონური ფილოსოფიის მოტივებით, დიდხანს არ იყო ღირსეულად დაფასებული. დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში ბოტიჩელი თითქმის მივიწყებული იყო, სანამ XIX საუკუნის შუა პერიოდში მისი შემოქმედებისადმი ინტერესი არ გაჩნდა, რომელიც დღემდე არ განელებულა.
მიქელანჯელო მარიზი და კარავაჯო (Michelangelo Merisi da Caravaggio, 1571, მილანი — 1610, პორტო-ერკოლე) — იტალიელი მხატვარი, XVII საუკუნის ევროპული ფერწერის რეფორმატორი, ფერწერაში რეალიზმის ფუძემდებელი და ბაროკოს ერთ-ერთი უდიდესი ოსტატია. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კიაროსკუროს" მანერა — ჩრდილისა და სინათლის მკვეთრი კონტრასტი. აღმოჩენილი არ არის მისი არც ერთი ჩანახატი და ესკიზი, მხატვარი თავისი რთული კომპოზიციების რეალიზებას პირდაპირ ტილოზე ახდენდა.