თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის ეროვნულ ბიბლიოთეკამ ხელოვნების ნიმუში შეიძინა, რომელიც ქართული კულტურის ორ გამოჩენილ ფიგურას — მხატვარ დავით კაკაბაძეს და პოეტ ტერენტი გრანელს აერთიანებს.
საუბარი ეხება აბსტრაქტული ჟანრის ნაწარმოებს სახელწოდებით „ტერენტი გრანელი“, რომელიც ფერმწერმა კაკაბაძემ 1929 წელს შექმნა და ქართველ პოეტს მიუძღვნა. ნახატს კაკაბაძისა და გრანელის ორიგინალური წარწერები ამშვენებს.
2016 წელს კერძო კოლექციიდან აღნიშნული ტილო გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში წარმოადგინეს. მაშინ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამ ხელოვნების ნიმუშის შესაძენად სპონსორებს ეძებს.
როგორც მუზეუმში განაცხადეს, იმისთვის, რათა „ ფერწერისა და ლიტერატურის უნიკალური ნიმუში“ საქართველოში დარჩენილიყო, 15 ათასი აშშ დოლარი იყო საჭირო.
2017 წელს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იპოვა სპონსორები და გამოისყიდა ნახატი. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, უნიკალური ნაწარმოები ამიერიდან საქართველოში დარჩება და წიგნის მუზეუმის კოლექციაში შევა, რომელიც ახლო მომავალში გაიხსნება.
„ერთი თვის წინ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ მოგვმართა (რაც მრავალმხრივ დასაფასებელი ნაბიჯია), რომ მასთან დროებით ინახებოდა კერძო პირის საკუთრება, თქვენ წინაშე წარმოდგენილი ნამუშევარი. ლიტერატურის მუზეუმს სამწუხაროდ არ ჰქონდა მისი შეძენის შესაძლებლობა, დაინტერესებული კი არაერთი კერძო კოლექციონერი იყო“, — წერს კეკელიძე საკუთარ Facebook-გვერდზე.
დავით კაკაბაძე (1889-1952) ქართველი მხატვარია, რომელიც ფერწერას სანქტ-პეტერბურგში დაეუფლა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოსა და საფრანგეთში. კუბიზმის გავლენით, ხშირად მიმართავდა აბსტრაქციას. ასევე მუშაობდა თეატრალურ მხატვრად და თანამშრომლობდა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან.