თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის განაშენიანებამ სახიფათო დონეს მიაღწია, მაშინ, როდესაც სამშენებლო კომპანიები სეისმოლოგების კვლევებზე არ იხარჯებიან და მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებენ, განაცხადა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.
მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მრავალსართულიან სახლებს შორის, რომლელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, სათანადო ვენტილირების არარსებობის პრობლემას.
„ქალაქი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს, ზაფხულობით თბილისში გაჩერება შეუძლებელია. იმაში, რომ ჰაერი არ არის, მხოლოდ გამონაბოლქვის ბრალი არ არის… მიშენებები? მიშენებებზე ნებართვებს უზარმაზარი რაოდენობით გასცემდნენ. 1990-იან წლებში ეს ერთი ჯგუფის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა", — განაცხადა გოდოლაძემ.
საქართველოში ყველაზე დიდ კატასტროფად მიჩნეულია მეწყერი და წყალდიდობა, მაგრამ თბილისში, გოდოლაძის თქმით, მთავარ საფრთხეს მიწისძვრა წარმოადგენს.
„მე პროფესიით სეისმოლოგი ვარ და ამ ქალაქს თუ რამე ემუქრება კატასტროფების კუთხით — ეს არის მიწისძვრა. პროგნოზს არ ვაკეთებ, საერთოთ ვამბობ, რომ ყველაზე კატასტროფული არის მიწისძვრა… დარწმუნებული ვარ, რომ თუ თბილისში 5-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება, ქვა ქვაზე არ დარჩება", — განაცხადა გოდოლაძემ.
სწორედ ამიტომ არის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დროს უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა, აღნიშნა მან.
გოგოლაძემ 2002 წლის მიწისძვრა გაიხსენა, რომელმაც ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა და რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ მაგნიტუდა 4,5 ბალს შეადგენდა, რაც საშუალო სიძლიერის მიწისძვრებსაც არ განეკუთვნება.
„როდესაც ასეთი უმნიშვნელო მიწისძვრა ქალაქში ასეთი მასშტაბის ზარალს იწვევს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ერთი მაგნიტუდით მეტი მიწისძვრა რა ზარალს გამოიწვევს", — ხაზი გაუსვა გოდოლაძემ.
მას აუცილებლად მიაჩნია მშენებლობის ნებართვების გაცემის რეგულაციების გამკაცრება და არსებითი სამშენებლო ნორმების დაწესება. ამისათვის კვლევის ჩატარებაა საჭირო, პროცესში რაც შეიძლება მეტი კვალიფიცირებული სპეციალისტი უნდა ჩაერთოს.
იმათ კი, ვინც მის აზრს არ იზიარებს, გოდოლაძემ ქალაქში გასეირნებას და შენობების ყურადღებით დათვალიერებას ურჩევს.
„ხარისხიანი მშენებლობა სწორი და ხარისხიანი გეოტექნიკური სამუშაოებით იწყება. დღეს კი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე არანაირი შემოწმება არ ხდება, შედეგად ვიღებთ იმას, რომ თქვენ ნებისმიერ ადგილზე ლიცენზიის მიღება და მშენებლობის დაწყება უპრობლემოდ შეგიძლიათ", — ამტკიცებს გოდოლაძე.
არაკვალიფიციურ პირებს გეოლოგიური დასკვნის შედგენა 100 ლარადაც კი შეუძლიათ, მაშინ, როდესაც სრულფასოვანი დასკვნა საკმაოდ ძვირადღირებულია, რადგან კოლოსალურ სამუშაოებს მოითხოვს, დასძინა გოდოლაძემ.