თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში თანამედროვე არქიტექტურის საბჭოთა კავშირის პერიოდის შენობებთან შედარებისას შეიძლება აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში საცხოვრებელი პირობები დედაქალაქში უარესდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ.
ბოლო დროს თბილისში სახლებს უფრო და უფრო ახლოს აშენებენ ერთმანეთთან, რაც საცხოვრებელი პირობების გაუარესებას იწვევს, გარდა ამისა, არქიტექტორის განცხადებით, სულ უფრო ნაკლებად შეინიშნება ნორმატული პარამეტრების დაცვა.
„თანამედროვე შენობები ძალზე საინტერესო არქიტექტურას წარმოადგენს, მაგრამ „სიმჭიდროვის" გამო ეს სილამაზე არ ჩანს. მშენებლობისას ყურადღება არ ექცევა ნორმატულ მაჩვენებლებს, საბავშვო მოედნების არსებობას, გამწვანებასა და ავტოსადგომებს. კორპუსებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს აშენებენ და ერთმანეთს საჯარო და რეკრეაციული სივრცეები კვეთს", — განაცხადა ბოლქვაძემ.
თუ თბილისის თანამედროვე არქიტექტურას საბჭოთა პერიოდის მშენებლობას შევადარებთ, შეიძლება აღინიშნოს, რომ 20 წელზე მეტი ხნის წინ ქალაქში ტიპურ სახლებს აშენებდნენ. ორი-სამი ტიპის შენობებით აშენებდნენ ქალაქის რაიონებს.
დღეს ასეთი საცხოვრებელი კორპუსების ნახვა შესაძლებელია თბილისის გარეუბნებში. არქიტექტორის აზრით, მსგავსი შენობები ანტიარქიტექტურის მაგალითია, ხოლო 30 წლის წინანდელი შენობების ხარისხი და მასშტაბი სავალალოა.
არქიტექტურის მსოფლიო დღე არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირმა (МСА) 1985 წელს დააარსა და ივლისის პირველ ორშაბათს აღინიშნებოდა. 1996 წელს МСА-მ ბარსელონაში მეოცე გენერალურ ასამბლეაზე მიიღო რეზოლუცია და ეს დღე ოქტომბრის პირველ ორშაბათს გადაიტანა — დღეს, როდესაც გაეროს პატრონაჟით აღინიშნება საცხოვრებლის მსოფლიო დღე (ჰაბიტატის მსოფლიო დღე).