როგორ უცნაურად აეწყობა ზოგიერთის ცხოვრება, რას არ ანახვებს წუთისოფელი, რამდენ სიხარულსა და ტკივილს მოუტანს, დიდების მწვერვალზე აიყვანს და, ბოლოს, ისეთ დროს გამოაცლის სიცოცხლეს, როცა ნიჭითა და უნარით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით უკვე შემოქმედებითი ცხოვრების შუადღე უდგას. ასე დაუნდობლად გამოსტაცა ქართულ ესტრადას სიკვდილმა ალექსანდრე ბასილაია, რომელიც 2009 წელს გერმანიაში სამკურნალოდ ჩასული 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. კაცობრიობის დაუმარცხებელმა ჭირმა — კიბომ შეიწირა მისი სიცოცხლე.
ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრება მუსიკით იყო შათაგონებულიც და დაღდასმულიც. ვიდრე 1967 წელს დაამთავრებდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონტრაბასის კლასს, მანამდე, ჯერ კიდევ 1963 წლიდან, აქვე მუშაობდა პიანისტ-აკომპანიატორად. თუმცა, ეს დიდი გზის დასაწყისი იყო. ქართულ საესტრადო მუსიკას წინ ოქროს ხანა ელოდებოდა — 1968 წლიდან ალექსანდრე ბასილაია ანსამბლ „ივერიის“ ხელმძღვანელი გახდა.
გადის დრო, იცვლება საზოგადოება, იცვლება ადამიანთა გემოვნება, მათ შორის — მუსიკალურიც, მაგრამ ანსამბლ „ივერიის“ უკვდავება, მისი ნამდვილი ჰიტების მარადიული სიცოცხლე, უპირველესად, ალექსანდრე ბასიალიას სახელს უკავშირდება, რადგან მან შექმნა „ივერიის“ რეპერტუარი და მხატვრული სახე. მხოლოდ ჩამოთვლაც საკმარისია იმის წარმოსადგენად, რა ღირებულების შემოქმედთან გვქონდა საქმე. მან ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979), „არგონავტები“ (1980), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“; დაამუშავა არაერთი ქართული ხალხური სიმღერა, დაგვიტოვა გასაოცარი საესტრადო სიმღერები.
ალექსანდრე ბასილაია, ამავე დროს, კომპოზიტორი იყო ფილმებისა: სიყვარული, ივერია და… (1975); უმცროსი და (1977); ჩიორა (1984); ჩხიკვთა ქორწილი (1984); არგონავტები (1986); სუვენირი (1986); ქვეყნის მაშენებლები (1997). მის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ, ქართული მიუზიკლის აღორძინება, არამედ ტალანტების აღმოჩენა, სრულიად ახალი სახეების გამოყვანა ქართულ ესტრადაზე. ბასილაია უტყუარი ალღოთი გრძნობდა ნიჭს და ყოველ მხრივ უწყობდა ხელს მის განვითარებას.
ალექსანდრე ბასილაია სრულიად გამორჩეული იყო არა მხოლოდ მუსიკალური გემოვნებითა და სტილით, არამედ პიროვნული კეთილშობილებით. დიდი სიკეთე უნათებდა ცხოვრების გზას, სიყვარული და პატივისცემა ადამიანების მიმართ. მას 1987 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, ხოლო 2002 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ამ ქვეყნიდან წასული ადამიანი აქ ტოვებს იმას, რაშიც იყო აზრი და საზრისი მისი არსებობისა. ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედება ადასტურებს და ამოწმებს იმ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც უკვდავება მხოლოდ მაღალთა ხვედრია.