ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა, პატარა...

© Courtesy by Korneli Sanadzeკორნელი სანაძე
კორნელი სანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ძირითადი პროფესიის გარდა ფლობენ, მეორე პროფესია დავარქვათ თუ გნებავთ, იქნება ეს პოეზია, თუ მუსიკა. ასეთი პიროვნება გახლდათ ცნობილი ქართველი მხატვარი კორნელი სანაძე...

მისი პოეტური კრებულები რამდენჯერმე გამოიცა. ერთხელაც  კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილს ბატონმა კორნელიმ კრებული აჩუქა. აქ იყო ერთი ლექსი. კომპოზიტორმა მელოდია შეურჩია და დაიღვარა თბილისის ქუჩებში ნაცნობი სიმღერა. ეს სიმღერა „საყვარელ ქუჩაზე“ იყო ანსამბლ „დიელოს“ ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი. სხვათა შორის, მხატვრულ ფილმში „შეხვედრა მთაში“ გადაღებულია სწორედ „დიელოს“ პირველი შემადგენლობა.  და კიდევ სიმღერა ბათუმზე, ბატონი კორნელის ქალიშვილმა მაკამ მაჩვენა ხელნაწერი: —„ამ ლექსის დაწერა მთხოვა კომპოზიტორმა ლილი იაშვილმა და  ამ ტექსტზე შესანიშნავი სიმღერა დაწერა.“ ასრულებდნენ სულიკო კოროშინაძე და ნანული აბესაძე.

მაკა სანაძე – „მამა დაიბადა 1907 წელს უბრალო რკინიგზელის ოჯახში. თურმე ჩემი ბაბუა მღეროდა არაჩვეულებრივად. მამა ძალიან ხშირად იხსენებდა, როგორ შესანიშნავად უკრავდა ბაბუა და ხალხი ტიროდა თურმე. ბებია კი ლექსებს წერდა. მინდა ვთქვა, თუ როგორ ეზიარა მამა მხატვრობას.  ისინი მალაკნების ქუჩაზე ცხოვრობდნენ  (მამას დღიური აქვს, რომელშიც ეს ყველაფერი ამოვიკითხე)  –სკოლაში მიმავალს, ეს ქუჩა მთლიანად უნდა გაევლო. გზაში ყოველთვის ჩერდებოდა ერთი სარდაფის წინ, სადაც მხატვარი ხატავდა და სპეციალურად შინიდან ადრე გამოდიოდა, რომ მისთვის ეყურებინა. მამამ გვიან გაიგო, რომ ეს ნიკო ფიროსმანი ყოფილა, მალაკნების 23 ნომერში მას ზუსტად ეს სარდაფი მოუხატია. მაშინ, „მუშტაიდში“  სხვადასხვა წრეები იყო. პირველად 13 წლისა  წავიდა მუშტაიდში. როდესაც შევიდა შენობაში, ვიღაც მამაკაცმა ხელი ჩაავლო, მამას საინტერესო გარეგნობა ჰქონდა და შეიყვანა სტუდიაში. ეს პიროვნება აღმოჩნდა ცნობილი მხატვარი მოსე თოიძე. უთხოვნია, დაჯექი შენ აქ და ბავშვები დაგხატავენო. მეორე დღეს კიდევ მისულა და მოუტანია უკვე თავისი ნახატი. მოსე თოიძეს  მოსწონებია, მამამაც კი არ იცოდა, რომ მხატვრობის ნიჭი ჰქონდა. და აი, აქედან დაიწყო.

© Courtesy by Korneli Sanadzeკორნელი სანაძის ავტოპორტრეტი
კორნელი სანაძის ავტოპორტრეტი - Sputnik საქართველო
კორნელი სანაძის ავტოპორტრეტი

1922 წელს ცალკე გაიხსნა მოსე თოიძის სტუდია,  1924 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მისი მეგობრები იყვნენ,– თამარ აბაკელია, კოტე გრძელიშვილი, კოტე მერაბიშვილი და ბევრი ცნობილი  მხატვარი.  1930 წელს დაამთავრა აკადემია და ჩააბარა, სხვათა შორის კონსერვატორიაში. მამას არაჩვეულებრივი ბარიტონი ჰქონდა, თუმცა, 4 წელი ისწავლა მხოლოდ. მე მგონი მხატვრობის სიყვარულმა  სძლია, 1934 წელს აკადემიაში დაიწყო მუშაობა და 50 წელი იმსახურა  პედაგოგად. ბევრი გამოჩენილი ადამიანი დადიოდა ჩვენთან  და სახლში კეთდებოდა მათი პორტრეტები. ბევრთან მეგობრობდა კიდევაც.  ყველაზე მეტად კი გალაკტიონთან. ისინი ერთად მოგზაურობდნენ კიდევაც ქალაქგარეთ.

© Courtesy by Korneli Sanadzeკორნელი სანაძე და კოლაუ ნადირაძე
კორნელი სანაძე და კოლაუ ნადირაძე  - Sputnik საქართველო
კორნელი სანაძე და კოლაუ ნადირაძე

უამრავი ლექსი აქვს სამშობლოზე, სადაც ძალიან დიდი სიყვარულია გამოხატული. რამდენიმე სპექტაკლი აქვს გაფორმებული, საოპერო სპექტაკლებიც „დაისი“, „კარმენის“ არაჩვეულებრივი  ესკიზები გვაქვს სახლში.  კინოფილმ „დარიკოს“ მხატვარიც მამა იყო.“

მაკამ  მაჩუქა ბატონი კორნელის პოეტური კრებული. ლირიზმით, სიყვარულით და სითბოთი სავსე ლექსები. მითუმეტეს სამშობლოზე.  სხვათა შორის მაჩვენა ერთი ხელნაწერი, ჰქვია „ავტოპორტრეტი“. აქ ჩანს მისი, როგორც შემოქმედის  დამოკიდებულება  სამშობლოსადმი:

ჩემი ქვეყანა თეთრი ვარდია

მზის ფრთებზე ფეთქავს დილის ცვარ-ნამში

და თუ სიკეთე რამ მაბადია,

არა, არ იყო ეს გზა იოლი.

თუ გადავურჩი ფიქრებს დარდიანს

წინ მიმიძღოდა გალაკტიონი.

და თუ სამშობლო როგორც გეკუთვნის

როგორ დაგხატე შენც კარგად იცი

მარჯნისფერები ვპოვე გეგუთში

ფირუზი ზეცა ვპოვე ყინწვისში.

ასე დამყვება ფიქრი ამქრებად

ჯვრის მონასტრიდან გელათის ჯვრამდე

და თუ იმედი ჩემში არ ქრება

დედაო ღვთისავ, არ გამიჯავრდე.

დედაო ღვთისავ, არ გამიჯავრდე

არ მიმატოვო თვალთაგან ხატთა

ვეთაყვანები აშოლტილ ჭადრებს

თბილისის ზეცა რომ დამეხატა.

მაკა სანაძე —„მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა შემოვლილი. ძალიან ემოციური ადამიანი იყო, იყო მხატვარი, პოეტი,  შესანიშნავად მღეროდა და ქეიფი უყვარდა. ცოტას სვამდა, ღვინოს თვითონ წურავდა ჩემ ძმასთან ერთად და არაჩვეულებრივი თამადა იყო მაგრამ არ დათვრებოდა.

გალაკტიონს ძალიან უყვარდა, როდესაც ხატავდნენ და მამასთან ხშირად მოდიოდა, რომ  დაეხატა. 1959 წელს, მამას დღიურშიც უწერია:- „12 მარტს, დილით, ძალიან ადრე დაირეკა ზარი, გავაღე კარი და ვხედავ გალაკტიონი დგას,  გამიკვირდა, ასე ადრე არასდროს მოსულა. მითხრა, დასახატად მოვედიო. მივხვდი, რომ ცოტა  ნასვამი იყო. გავუმასპინძლდი და ვუთხარი, ლაფაჩს ველოდები, დღეს ის უნდა დავხატო-მეთქი.  არაფერი არ ვიცი, დღეს ჩემი დახატვა უნდა დაიწყოო. დავთანხმდი ბოლოს, ლაფაჩს დავურეკე, რომ არ მოსულიყო, გავაკეთე მისი ესკიზი და დაკმაყოფილდა ამით, თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს იყო 12 მარტი 1959 წლის და 17 მარტს კი გარდაიცვალა.“ გალაკტიონმა იცოდა მისი ლექსების შესახებ. მამა უკითხავდა და კარგ შეფასებას აძლევდა, მაგრამ  შენიშვნებსაც აძლევდა. ესეც დღიურში უწერია…

© Courtesy by Korneli Sanadzeკორნელი სანაძის ნახატი - გალაკტიონი ნიკორწმინდის ეკლესიის ფონზე
კორნელი სანაძის ნახატი - გალაკტიონი ნიკორწმინდის ეკლესიის ფონზე - Sputnik საქართველო
კორნელი სანაძის ნახატი - გალაკტიონი ნიკორწმინდის ეკლესიის ფონზე

ძალიან სათუთი და  ახლო დამოკიდებულება ჰქონდა კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილთან. მითუმეტეს, რომ მის ლექსზე შექმნილი „საყვარელ ქუჩაზე“ მართლა რომ ჰიტი იყო.  და სანდრო მირიანაშვილს დაუწერა ლექსი:

ბიჭო, ჩვენ თურმე რა ცოტა გვინდა

ოცნებამ ცაში გაიფრიალოს

რამდენჯერ ერთად, ძალზე რომ წვიმდა

ლექსებს ვამბობდით სხვის სატრფიალოს

და ახლა ბიჭო, სიბერის ჟამსა

რად წამაკითხე ძველი ლექსები

გულს რად უმატებს წარსულის ჟანგსა

სიმღერის ძალით დავინემსებით

შენ რომ წაიღე ლექსი ხუჭუჭა

და ჩანგის სიმებს შემოატარე

როცა მღერიან თვალებს დავხუჭავ

და მეჩვენება რომ ვარ პატარა.

შენზე ამბობენ იადონია

კვლავაც მივყვები ჩვენს ნაცნობ ქუჩას,

და რომ მღერიან ასე მგონია

ისევ ის ბიჭი ვარ, ისევ ხუჭუჭა…

2 ოქტომბერს გამოჩენილ ქართველ მხატვარს კორნელი სანაძეს 110 წელი შეუსრულდებოდა.  ვეცადე, ამ პატარა ჩანახატში სხვა კუთხით წარმომეჩინა, რადგან ამბები, რომლებიც მოგიყევით, ბევრისთვის უცნობია და ვფიქრობ საინტერესოც.

 

ვახტანგ კობაიძე

ყველა ახალი ამბავი
0