თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა — საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IAEA) 43-ე კონფერენცია 2-6 ოქტომბერს იმართება, ნათქვამია საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
International Association for Educational Assessment (IAEA) ნიუ-ჯერსიში 1974 წელს დაარსდა. ასოციაციაში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაციის მიზანი ორგანიზაციებს შორის კავშირების გაუმჯობესება და გამოცდილების გაზიარებაა.
ყოველწლიური კონფერენცია, რომლის თემაც წელს არის „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“, საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველოს" მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას, 300 დელეგატთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრება.