თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რუსული როკ-ჯგუფი Mumiy Troll-ის კონცერტი, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Premier Promotion-ის ინფორმაციით, რუსული როკ-ჯგუფის კონცერტი ტექნიკური მიზეზების გამო 2018 წლისთვის გადაიდო.
ამ დროისთვის ორგანიზატორები კონცერტის გამართვის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„მსურველებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, ხოლო ვისაც სურს, ის დაიტოვებს. ანუ შესაძლებელი იქნება ამ ბილეთების გადატანილ ღონისძიებაზე გამოყენება. 5 ოქტომბრიდან ოპერატორები ბილეთებს დაიბრუნებენ. ვინც ინტერნეტის საშუალებით იყიდა, მას თანხა ბარათზე დაერიცხება, ხოლო ვინც სალაროში იყიდა — ის თანხას სალაროში მიიღებს“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" Premier Promotion-ის წარმომადგენელმა.
როკ-ჯგუფი თბილისში კონცერტს იმ ტურის ფარგლებში ატარებდა, რომელიც ალბომ „მორსკაიას" 20 წლისთავს ეძვნება. ამ ალბომმა Mumiy Troll-ს მთელ მსოფლიოში პოპულარობა მოუტანა.
ლეგენდარული ჯგუფი თბილისში მესამედ ჩამოვა. პირველად ჯგუფი საკონცერტო დარბაზ Adjara music hall-ში 2004 წელს წარდგა, 2013 წელს კი მცხეთაში გამართული OASIS-ის ფესტივალის ჰედლაინერი გახდა.
ჯგუფი Mumiy Troll-ი 1983 წელს ვლადივოსტოკში მისმა უცვლელმა ლიდერმა, ილია ლაგუტენკომ შექმნა. 2001 წელს „ევროვიზიის" კონკურსზე ჯგუფმა მე-12 ადგილი დაიკავა.
არსებობის პერიოდში ჯგუფმა 17 ალბომი გამოუშვა. ჯგუფის ბოლო ალბომი 2017 წელს გამოვიდა.