თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. კვირას საფრანგეთის დედაქალაქში იმართება დღე მანქანებისა და მოტოციკლეტების გარეშე, პარიზელებს ველოსიპედებით ან ფეხით გადაადგილებას სთავაზობენ, იუწყება РИА Новости.
„2015 და 2016 წლებში „დღე მანქანების გარეშე" წარმატებულად ჩატარდა, ქალაქმა ეს მოვლენა გააფართოვა და მთელი პარიზის მასშტაბით გაავრცელა", — ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
11:00-დან 18:00 საათამდე პარიზელებს ქალაქში გადაადგილებას სთავაზობენ ფეხით, ველოსიპედით, გორგოლაჭებით, თვითმგორავით ან მონობორბალით.
ამავე დროს, ავტომობილების გამოყენების აკრძალვა არ შეეხო საზოგაეობრივ ტრანსპორტს, ტურისტულ ავტობუსებს, ტაქსის და საქალაქო სამსახურებს. აგრეთვე პირადი ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლიათ ინვალიდებს, თუ მათ მანქანას შესაბამისი სტიკერი აქვს. ჟურნალისტებსა და დიპლომატებს დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისვლა მოუწევთ.
„დაახლოებით 2500 ადამიანი ყოველწელს იღუპება იმ ჰაერის გამო, რომლითაც ისინი პარიზში სუნთქვენ. ეს 60-ჯერ მეტია, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რიცხვია", — განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა — კოლექტივმა "პარიზი მანქანების გარეშე". მათ ასევე აღნიშნეს, რომ სასათბურე აირების გამონაბოლქვის მესამედი პარიზში ავტომობილების გამონაბოლქვს შეადგენს.