ნინი რაზმაძე
-რამდენი ხანია რაც კერამიკით ხართ დაკავებული?
— 16 წლიდან კერამიკით ვარ დაკავებული და ვთვლი რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია.
-სახელოსნო „White studio“ როდის დააარსეთ?
— მეოთხე წელია რაც ჩვენი სტუდია არსებობს. მე და ჩემა მეგობარმა ნინო ყამბარაშვილმა შევქმენით სახელოსნო-სტუდია და დავიწყეთ შემოქმედებითი თანამშრომლობა. ჩვენს სახელოსნოში ათი მხატვარი მუშაობს და ცდილობს მხატვრული კერამიკით გადმოგვცეს ყველა ის ემოცია რაც ნამუშევრის დამზადების პროცესში წარმოიქმნება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს დარგი აბსოლუტურად არაპოპულარული იყო და ძალიან მიხარია, რომ ქართული კერამიკისადმი მეტი ინტერესი გაჩნდა და ამაში ჩვენი გალერეის წვლილი საკმაოდ დიდია. როგორც მოგეხსენებათ საქართველოში 90-იანი წლების შემდეგ როგორც სხვა ბევრი დარგი ასევე კერამიკასაც მძიმე პერიოდი დაუდგა. დაიხურა ქარხნები, არ იყო ელექტროენერგია და შესაბამისად ის პირობები რაც საჭირო იყო კერმიკაზე მუშაობისათვის. ამ მიზეზით ბევრმა მხატვარმა მიივიწყა საკუთარი პროფესია. მხოლოდ რამდენიმე კერამიკოსი მუშაობდა ისინიც ძველი შემორჩენილი მასალებით. ჩვენი სტუდია-გალერეა თბილისში კერამიკის ერთგვარი ცენტრია. „white studio”-ში როგორც ნამუშევრებია წარმოდგენილი ასევე ფუნქციონირებს სასწავლო კურსები მოყვარულთათვის სადაც ჩვენი სტუდენტები ეუფლებიან კერამიკასთან მუშაობის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს.
-სასწავლო კურსებიც გაქვთ?
— დაიხ. არტ-თერაპია მთელ მსოფლიოში პოპულარულია. მინდა, ხალხმა იცოდეს,რომ ჩვენთან მოსვლა ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია, მნიშვნელობა არ აქვს იცის ხატვა თუ არა. სტუდიაში მოსული ადამიანი გიჟური ცხოვრების რიტმის ფონზე უცებ სხვა სამყაროში აღმოჩნდება, რომელიც გავიწყებს პრობლემებს და სიმშვიდეს განიჭებს.
-რას სთავაზობთ მომხმარებელს?
— ჩვენს გალერეაში ერთი კონკრეტული დიზაინის პროდუქცია არ მზადდება, მხატვრებს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, ვცდილობთ, რომ თითოეული ნივთი უნიკალური იყოს. ადამიანი, რომელიც ჩვენთან ნამუშევარს ყიდულობს იცის რომ ის ერთია და საავტორო. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი კონცეფცია. გვაქვს ჩვენი ბრენდის შექმნილი ქართული სუვენირების ნიმუშები. ზოგადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამედროვე კერამიკაში ქართულ ელემენტების არსებობას, ამიტომაც მომხმარებელს ჩვენეულ ვერსიას ვთავაზობთ. ქართული სუვენირები ხომ ჩვენს კულტურას, ისტორიასა და გემოვნებას წარმოაჩენს და იგი ძირითადად უცხოელი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი მაგრამ ვცდილობთ ჩვენი ნებისმიერი ნივთი ხელმისაწვდომი იყოს არამარტო უცხოელებისთვის არამედ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც.
-შეკვეთებს იღებთ?
— რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ინდივიდუალურ დიზაინზე. ბევრ რესტორანს სურს რომ ჰქონდეს ექსკლუზიური ჭურჭელი. სანათებიდან დაწყებული აბაზანის აქსესუარებით დამთავრებული ვმუშაობთ და ვქმნით ნამუშევრებს ინტერიერისა და ექსტერიერისათვის. ჩვენი მოხატული პირსაბანები მგონია რომ უნიკალურია.
-როგორც ცნობილია, მუშაობის პროცესი საკმაოდ რთულია და დიდ დროს მოითხოვს..
— კერამიკაზე მუშაობა საკამოდ რთული და ძალზე საინტერესოა. თითოეული ნამუშევარი მრავალ ეტაპს გადის: ფორმის შექმნა, გამოშრობა, მოწესრიგება, გაწმენდა, გამოწვა, მოხატვა და ა.შ. ამ ეტაპებს გავდივართ მხატვრებთან ერთად. ყოფილა შემთხვევა საწყის ეტაპზე ესკიზი სხვა ყოფილა მაგრამ მუშაობის პროცესში ნამუშევარი რადიკალურად შეცვლილი სახით დასრულებულა. ჩვენმა სახელოსნომ აირჩია მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით თანამედროვე ფორმებისა და კლასიკური დეკორის თანხვედრით შეზავებული ნამუშევრების დამზადება. სამუშაო პროცესის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას რადგან ის აუცილებლად აისახება ნამუშევარზე. თიხა ერთადერთი მასალაა რომელთან მუშაობის დროსაც უშუალო კონტაქტი გაქვს მხოლოდ მასალასთან ყველანაირი დანადგარისა და ხელსაწყოს გარეშე. იგი ძალზე მგრძნობიარეა და შეიგრძნობს მხატვრის განწყობასაც. ყოველთვის ვამბობდი რომ თითოეული ნამუშევარი არ არის მხლოდ მხატვრის შექმნილი, ეს არის ერთობლივი ნამუშევარი მასალისა და მხატვრის მიერ.
-თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
— ჩვენს სახელოსნოში რამდენიმე უცხოელი მხატვარი მუშაობდა რომლებმაც შემდგომში გამოფენებიც გამართეს. ჩვენი სურვილია, უფრო ბევრი ადამიანი ესტუმროს ჩვენს გალერეას. ასევე ვცდილობთ სხვადასხვა პროექტებით გავაცნოთ კერამიკა ქართველ საზოგადოებას და ასევე ჩვენი შემოქმედებით დავაინტერესოთ სხვა ქვეყნებიც. თიხა არ არის მარტო ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ინტერიერსა თუ ექსტერიერში. ჩვენი სურვილია ქართველ საზოგადოებას წარუდგინოთ რამხელა მასშტაბები აქვს ამ მასალას და რამდენად უსაზღვროა თიხის როლი დიზაინში და არქიტექტურაში.