თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სჭირდება, მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას.
საქსტატის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.3%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის 8 თვის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტია.
„ქართული რეალობიდან გამომდინარე შეიძლება 4.7% საკმაოდ პოზიტიურ მაჩვენებლად ჩაითვალოს, თუმცა ეს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენების გარეშე ჩვენ "ვერ გავფრინდებით ", — აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
ექსპერტის თქმით, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რომ ფიქსირდება, ჩვენი ქვეყნისთვის მიღწევა არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები არიან და მათ განვითარების ბევრად მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე საქართველოს.
„ტურისტების რაოდენობის ზრდა, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, თუმცა მხოლოდ ტურისტების იმედად ვერ ვიქნებით, მითუმეტეს დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც ტურისტული ნაკადის განმსაზღვრელი ფაქტორი არა რომელიმე ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, არამედ მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კონიუნქტურაა", — განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ ფაქტორს, ინფრასტრუქტურული პროექტების მატებას, ექსპერტის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოზიტივთან ერთან მას ინფლაციური პრობლემებიც შეიძლება ახლდეს თან, რაც მოსახლეობისთვის უფრო მეტად მტკივნეულია, ვიდრე ეკონომიკური ზრდით მინიჭებული ბედნიერება.