თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ასოციაცია"უსაფრთხო სათამაშოს" წევრ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისი მოლში საინფორმაციო აქცია გამართა, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი".
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წამოიწყო საინფორმაციო კამპანია "უსაფრთხო სათამაშო", რომელიც ქართულ ბაზარზე სათამაშოების მონიტორინგს ითვალისწინებს.
ღონისძიება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა. მან წარმოდგენილი საბავშვო პროდუქცია პირადად დაათვალიერა.
შემდეგ მოეწყო ცოცხალი საინფორმაციო სტენდი, სადაც პედიატრმა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენნელმა უპასუხეს მშობლების შეკითხვებს უსაფრთხო სათამაშოებთან დაკავშირებით.
„თბილისის მოლის" ტერიტორიაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა თამაშები და შეჯიბრებები გაიმართება. მოეწყობა შრომის სადგური, სადაც 2 საათის განმავლობაში ბავშვებს თავად ექნებათ შესაძლებლობა დაამზადონ სათამაშოები. წარმოდგენილი იქნება, როგორც ინტელექტუალური და სამაგიდო, ასევე მოტორიკის განსავითარებელი სათამაშოები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ამტკიცებს, რომ ქართულ ბაზარზე გაყიდვაში არსებული მრავალი სათამაშო ადამიანისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ორგანიზაციამ გერმანიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ნიმუშები გაგზავნა. ათიდან ცხრა სათამაშო, რომლებიც თბილისის ცნობილ მაღაზიებში იყიდება, დიდი რაოდენობით შეიცავდა დი-2-ეთილჰექსილფტალატს (DEHP), რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის მარტში საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით, ჩატარდეს ღონისძიებები, რომლებიც ქართულ ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება.
ომბუდსმენი მიესალმება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იზიარებს რეკომენდაციას, თუმცა მიუთითებს, რომ არსებული რეგულაციების დირექტივასთან დაახლოება დროულად უნდა მოხდეს.