საქართველოს ომბუდსმენმა სახიფათო სათამაშოებს ომი გამოუცხადა

© photo: Sputnik / Stringerსათამაშოები
სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ბაზარზე საბავშვო სათამაშოების ხარისხს გააკონტროლებდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იწყებს საინფორმაციო კამპანიას „უსაფრთხო სათამაშო", რომელიც ქართულ ბაზარზე სათამაშოების მონიტორინგს ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ამტკიცებს, რომ ქართულ ბაზარზე გაყიდვაში არსებული მრავალი სათამაშო ადამიანისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ორგანიზაციამ გერმანიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ნიმუშები გაგზავნა. ათიდან ცხრა სათამაშო, რომლებიც თბილისის ცნობილ მაღაზიებში იყიდება, დიდი რაოდენობით შეიცავდა დი-2-ეთილჰექსილფტალატს (DEHP), რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება – მაშინ, როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", — ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის ინიციატივას შეუერთდნენ კომპანიები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანასა და გავრცელებას საქართველოში. გარდა ამისა, დაფუძნდა ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშო" და მიღწეულ იქნა შეთანხმება ძირითად პრინციპებზე.

შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
უნიკალური შემეცნებითი სათამაშოები: დამზადებულია საქართველოში

„კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით", — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული საკითხის შესწავლა 2016 წლიდან დაიწყო. „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისათვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა.

„დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის მარტში საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით, ჩატარდეს ღონისძიებები, რომლებიც ქართულ ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება.

ომბუდსმენი მიესალმება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იზიარებს რეკომენდაციას, თუმცა მიუთითებს, რომ არსებული რეგულაციების დირექტივასთან დაახლოება დროულად უნდა მოხდეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0