ბათუმში „ციტრუსის ექსპორტის“ ფორუმს 9 ქვეყნის ბიზნესმენები ესწრებიან

გამოწერა
ქართული ციტრუსის ბაზრის გაფართოებისა და დივერსიფიკაციის მიზნით გამართულ ფორუმში მონაწილეობენ ბიზნესმენები პოლონეთიდან, ბელარუსიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და რუსეთიდან.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში გაიხსნა მეორე საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017", რომელსაც ცხრა ქვეყნის 27 კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ციტრუსის ადგილობრივი მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, სავაჭრო და ლოგისტიკური ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი იმპორტიორები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატები, ქართული და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობენ ბიზნესმენები პოლონეთიდან, ბელარუსიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და რუსეთიდან.

ბიზნეს-ფორუმი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში ქართულ-ყაზახური ბიზნეს-ფორუმი ტარდება

„წელს უკვე მეორედ ტარდება ასეთი წარმომადგენლობითი ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნის მრავალი იმპორტიორი იღებს მონაწილეობას. ფაქტობრივად, დსთ-ის ყველა ქვეყნიდან დაინტერესებული კომპანიები ჩამოვიდნენ. დაახლოებით ისეთივე მოსავალს ველოდებით, როგორიც 2016 წელს იყო. ჩვენი მოლოდინით, მანდარინის მოსავალი ქვეყნის მასშტაბით 60 000 ტონა იქნება. ვფიქრობთ, რომ მოსავალი კარგია. თუ კლიმატი ხელს შეგვიწყობს გვექნება ხარისხიანი მოსავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფერმერები კარგ პირობებში მოახდენენ პროდუქციის რეალიზებას", — განუცხადა ჟურნალისტებს ღონისძიების დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ქართული ციტრუსის გასაღების ძირითად ბაზრებს რუსეთი და უკრაინა წარმოადგენს.

„რაც შეეხება მიზნობრივ ბაზრებს, მნიშვნელოვან ბაზრებს წარმოადგენს რუსეთი და უკრაინა. ეს პირველი ორი მნიშვნელოვანი ბაზარია, რომელზეც ექსპორტის ძირითადი ნაწილი მოდის. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ბელარუსის მხრიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შუა აზიის ქვეყნები ინტერესდებიან", — აღნიშნა მინისტრმა.

ორგანიზატორთა თქმით, ფორუმის მიზანია — დაინტერესებული მხარეებისთვის ქართული ციტრუსის საექსპორტო პოტენციალის გაცნობა.

„მსგავსი ფორუმის ჩატარება ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ფორუმი შარშან ჩატარდა. წელს გეოგრაფია გაფართოვდა. დაინტერესება უზარმაზარია. ბევრი ქვეყანა ჩამოვიდა… მოხარული ვარ, რომ წელს აქტიურად ჩაერთო ბალტიის ქვეყნები, ევროპული ქვეყნები. იგრძნობა შუა აზიის ქვეყნების აქტიურობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი პროცესია", — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

მანდარინების სამოთხე
მანდარინების სამოთხე - Sputnik საქართველო
მანდარინების სამოთხე

გასულ წელს გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო რვა ქვეყნის 19-მა უცხოურმა კომპანიამ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მსხვილ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროპისა და აზიის ქვეყნებში დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზების აქტიური კამპანია წამოიწყო. მიზანი — ადგილობრივი ციტრუსის საექსპორტო პოტენციალის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება. კამპანია ჩატარდება საქართველოს შს სამინისტროსა და უცხოეთში ქართული დიპლომატიური მისიების მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0