ბათუმში ქართულ-ყაზახური ბიზნეს-ფორუმი ტარდება

გამოწერა
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ყაზახეთის ექსპორტისა და ინვესტიციების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ბათუმში ქართული და ყაზახური კომპანიების მონაწილეობით ბიზნეს-ფორუმი Invest in Batumi ტარდება, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს

ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა, რომელიც ადრე ყაზახეთის ელჩი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობენ ექვსი კერძო ყაზახური კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესი ყაზახური სამშენებლო კომპანია „ყაზახ ინვესტის“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე მეირჟან მაიკენოვი.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ხელსაყრელმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ, მარტივმა და ლიბერალურმა საგადასახადო სისტემამ, არსებულმა მდიდარმა ბუნებრივმა რესურსებმა და თანამედროვე ინფრასტრუქტურამ აჭარას, მის ულამაზეს ქალაქ ბათუმს, ხელი შეუწყო გამხდარიყო პოპულარული საინვესტიციო და ტურისტული დანიშნულების ადგილი არამარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში“, — აღნიშნა პატარაძემ თავის გამოსვლაში.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს გააცნეს აჭარის ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ყაზახური ბიზნესის მხრიდან არის დიდი დაინტერესება — იმუშაონ საქართველოში, ამიტომაც საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწარმოების შექმნის სფეროში სერიოზულ მსხვილ პროექტებს განვიხილავთ“, — განაცხადა მეირჟან მაიკენოვმა.

ერმუხამედ ერტისბაევი - Sputnik საქართველო
ელჩი: ყაზახეთი მზადაა საქართველოში ფული დააბანდოს

ფორუმის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახურ საინვესტიციო სააგენტო „ყაზახ ინვესტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველ მეწარმეებს შეუფერხებლად გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ყაზახურ ბაზრებზე. 

ღონისძიებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დამსწრეთ რეგიონის ეკონომიკური პარამეტრები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2016 წელს აჭარაში 428 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 71% — უცხოურია, რაც 2015 წლის მონაცემებზე 17%-ით მეტია.

ინვესტიციები, ძირითადად, ხორციელდება ენერგეტიკაში, ტურიზმსა და სამშენებლო სექტორში.

ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებმა კურორტ „გოდერძის“ საინვესტიციო პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. საქართველოს მთავრობა 2011 წლიდან კურორტ „გოდერძის“ განვითარებას აქტიურად ახორციელებს. 

ქართველი და ყაზახი ბიზნესმენების შეხვედრა მესამე წელია უკვე რეგულარულ ხასიათს ატარებს. ორი ქვეყნის მეწარმეები შეხვედრებს როგორც საქართველოში, ისე ყაზახეთში ატარებენ. ბოლო ფორუმი ასტანაში მარტში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0