თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ანჩისხატის ეკლესიის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშაოები ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე მიმდინარეობდა. აღნიშნული სამუშაოები თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის რესტავრატორების მიერ განხორციელდა.
„ტაძარში გაიწმინდა ქვის ზედაპირი, მოიხსნა ცემენტის ხსნარი, ნაკლული ადგილები კი კირხსნარით შეივსო. გაერთიანდა ფრაგმენტული ქვის ზედაპირი. წინასარესტავრაციო სამუშაოების დროს ძეგლზე აქტიურად გამოიყენებოდა ცემენტის ხსნარი, რაც იწვევდა ქვის ზედაპირზე მარილის გავრცელებას. აღნიშნული ხსნარი მექანიკურად მოიხსნა და ჩანაცვლდა კირხსნარით. ქვის ზედაპირზე არსებული მტვრის ფენის ნადები, რესტავრატორებმა მექანიკური დამუშავების მეთოდით, მტვერსასრუტით ჩამოწმინდე", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშაოები ცნობილი იტალიელი რესტავრატორის სტეფანო ვოლტას კონსულტაციების საფუძველზე, არქიტექტორ-რესტავრატორი ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა.
ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. აშენებულია VI საუკუნეში, დაჩი უჯარმელის მეფობის დროს. გიორგი ჩუბინაშვილის მოსაზრებით, იგი უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული „მარიამწმიდა ეკლესია". ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). მიუხედავად გვიანდელი განახლებისა, მან, ძირითადად, შეინარჩუნა პირვანდელი არქიტექტურული კომპოზიცია.
ბოლო პერიოდში საქართველოში სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თაოსნობით სექტემბერში დასრულდა ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაციის პირველი ეტაპი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „აკვანებას" VI საუკუნის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.