თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულთა 48% უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
როგორც „თბილსერვის ჯგუფში" ჟურნალისტებს განუცხადეს დასუფთავების ქვეითმა ინსპექტორებმა ბოლო 6 თვეში სულ 2 518 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. ჯარიმების საერთო თანხამ 250 000 ლარს გადააჭარბა. დაჯარიმებული 2 518 პირიდან 69 იურიდიული პირია, ხოლო 1 199 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
„თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის სამანქანო ეკიპაჟმა კი 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სულ 540 საჯარიმო ოქმი გამოწერა, საერთო თანხამ კი 408 750 ლარი შეადგინა. 540 სამართალდამრღვევი პირიდან 355 ფიზიკური, ხოლო 185 იურიდიული პირია.
პირველი ინსპექტორები თბილისის ქუჩებში 3 აპრილს გამოჩნდნენ, მაგრამ თავდაპირველად ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და აფრთხილებდნენ მოქალაქეებს, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის საჯარიმო სანქციებია დაწესებული.
რაც შეეხება ჯარიმებს, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 80 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 150 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 500 ლარით ჯარიმდება.
ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ასევე დაწესდა ჯარიმები ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.
ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 150 ლარით ჯარიმდება. ხოლო ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 500 ლარით.
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის — 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის —1000 ლარის ოდენობით.