ვინ ანაგვიანებს თბილისს: სამ თვეში 1300-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

© FB / "Тбилсервис групп"თბილსერვის ჯგუფი ინსპექტორები
თბილსერვის ჯგუფი ინსპექტორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპრილიდან თბილისში მუშაობა დაიწყეს ინსპექტორებმა, რომლებიც დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში სისუფთავეს იცავენ და დაუშვებელ ადგილზე ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეებს აჯარიმებენ.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა სამი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 1 343 პირი დააჯარიმეს, მათგან 616 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ინსპექტორები თბილისის ქუჩებში პირველად 3 აპრილს გამოჩნდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და მოქალაქეებს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ. 20 აპრილიდან მათ ჯარიმების გამოწერის უფლება მიიღეს.

ჯარიმებიდან შემოსული თანხის საერთო ოდენობამ 143 950 ლარი შეადგინა. 

წყვილი ქვეითი ინსპექტორი დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილდება. სპეციალური ფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან პლანშეტებითა და სპეციალური კამერებით.

ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
თხელი პოლიეთილენის პაკეტები საქართველოში 2018 წლიდან აიკრძალება

რაც შეეხება ჯარიმებს, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 80 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 150 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ასევე დაწესდა ჯარიმები ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარია. ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 150 ლარით ჯარიმდება. 

ხოლო ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 500 ლარით. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის — 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 1000 ლარის ოდენობით.

© Sputnik / Maria Tsimintiaჯარიმები ნაგვის გადაყრისთვის
ჯარიმები ნაგვის გადაყრისთვის  - Sputnik საქართველო
ჯარიმები ნაგვის გადაყრისთვის

 

ყველა ახალი ამბავი
0