თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ნავთობისა და გაზის ვიეტნამის სახელმწიფო კომპანია PetroVietnam-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ნგუენ სუან შონს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისებისათვის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, იუწყება РИА Новости სააგენტო VNA-ზე დაყრდნობით.
განაჩენი გამოტანილია 50 სახელმწიფო მოსამსახურისა და ბანკის თანამშრომლის გახმაურებული სასამართლო პროცესის ფარგლებში. მათ ბრალი სამი პუნქტით წაუყენეს: ეკონომიკის მართვისას სახელმწიფო ნორმატიული აქტების დარღვევა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება. აღნიშნულმა დანაშაულებმა ბანკები და სახელმწიფო ბიუჯეტი 160 მილიონი დოლარით აზარალა.
ნავთობის კომპანიაში მუშაობამდე ნგუენ სუან შონი იკავებდა ხელმძღვანელ პოსტს ბანკ Ocean Bank-ში, რომლის წილი მოგვიანებით სახელმწიფო საწარმო PetroVietnam-მა შეიძინა.
ნგუენ სუან შონს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. Ocean Bank-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მის ორ მოადგილეს 22 წლით პატიმრობა, დანარჩენებს 18 თვიდან 20 წლამდე ვადით პატიმრობა და გამასწორებელი სამუშაოები მიესაჯა.
აღნიშნული პროცესი ჰანოიში ვიეტნამის ისტორიაში კორუფციასთან დაკავშირებული უმსხვილესი სასამართლო პროცესი გახდა.