თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავამ განცხადება გააკეთა იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთ სკოლაში მოხდა და მშობლებს თანხების აგროვებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა
მინისტრმა მოუწოდა პედაგოგებსა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულებში ყოველგვარი თანხების აგროვებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და განათლების სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წლის განმავლობაში ასობით შეტყობინებას იღებს.
„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში აბსოლუტურად დავფარეთ მთელი საჭიროება. სკოლას აქვს საშუალება ყველაფერი შეიძინოს და გააკეთოს, რაც სჭირდება საგანმანათლებლო პროცესისთვის, ამიტომ ეს გადმონაშთი — მშობლებისგან, თუ სხვა ხალხისგან რაიმე თანხის მოთხოვნა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სამწუხაროდ, ცალკეული შემთხვევები არის და თითოეული ასეთი შემთხვევა იქნება გამოკვლეული და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი", — განაცხადა ჯეჯელავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.
მინისტრი სკოლებში პედაგოგების მიერ მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის საკითხსაც შეეხო. ახლახან სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოს, რომელიც აჭარის სოფელ სხეფის სკოლაშია გადაღებული და რომელზეც პირველკლასელებს ხელში "ქართული ოცნების" ალმები უჭირავთ, სკანდალი მოჰყვა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მით უმეტეს, განათლების სფეროში, პირებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება ეკრძალებათ.
„ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ სკოლის დეპოლიტიზაციას და შესაბამისად, ნებისმიერი ცალკეული პედაგოგის ან სკოლის ადმინისტრაციის რაიმე სახით აქტივობა, მიმართული ბავშვების ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესში, არის აბსოლუტურად მიუღებელი და აქაც ისეთივე მკაცრი იქნება ჩვენი რეაგირება", — აღნიშნა ჯეჯელავამ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სკოლის პედაგოგს, რომელშიც აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა, საყვედური გამოეცხადა, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას გაფრთხილება მიეცა.