თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებში ის შეხვდა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს და გაეცნო იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობებს.
ვიგენინი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით სამშაბათს ჩამოვიდა, მან პირველი შეხვედრა თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელ სოფიო ქაცარავასთან გამართა. მხარეებმა იმსჯელეს ადგილობრივი არჩევნების შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და დემოკრატიული წინასაარჩევნო ვითარებაა, ასევე პროცესში ჩართული არიან მოქალაქეები და მასმედიის წარმომადგენლები.
ვიგენინმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მთავარი ამოცანაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული ვითარების გაცნობაა. საქართველოში ჩამოსვლამდე ის იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ხოლო პარასკევს სომხეთში გაემგზავრება.
ვიგენინი და ქაცარავა იმყოფებოდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში სოფელ წეროვანში. ქაცარავამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და პროექტებზე, რომლებიც ამ ადამიანების დასახმარებლად ხორციელდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილესთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად ვიგენინი დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო თბილისის ზღვასთან არსებულ დასახლება „ოლიმპიურ სოფელში“.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დასახლების ცხრა მრავალბინიანი სახლი მოხმარებისთვის უანგაროდ გადაეცემათ იძულებით გადაადგილებულებს. ამჟამად იქ ასეთი 630-მდე ოჯახი ცხოვრობს. რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად 50 ათასი ოჯახია, რომელსაც საცხოვრებელი სჭირდება და ხელისუფლება ეტაპობრივად განახორციელებს პროექტებს, რათა მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ვიგენინმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. მხარეებმა მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები განიხილეს და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატება აღნიშნეს. შეხვედრაზე ვიგენინმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
ჯანელიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ქართველმა დიპლომატმა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ძირითად საკითხებთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანელიძემ შერიგებისთვის ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
ვიგენინმა და ჯანელიძემ ასევე განიხილეს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების პრობლემები.
შეხვედრის დასასრულ მხარეებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრეს.
საქართველო ეუთოს წევრი 25 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა.
კრისტიან ვიგენინი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლად 2016 წლის თებერვალში დაინიშნა.