თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისში დაგეგმილი სერბი კინორეჟისორისა და მუსიკოსის ემირ კუსტურიცას კონცერტი დროებით გადაიდო, ნათქვამია კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Art Media Group-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკულტო სერბი კინორეჟისორის ემირ კუსტურიცას და ფოლკ–როკ ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს კონცერტი თბილისში 8 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
კუსტურიცა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, სერბეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი, კინოში მოღვაწეობის გარდა, ცნობილია როგორც ფოლკ-როკ ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს გიტარისტი.
Art Media Group-ის დამფუძნებლის და დირექტორის ლელა ასლანიკაშვილის განცხადებით, ორგანიზატორი კომპანიისთვის უკანასკნელ დღეებამდე 2009 წელს ცხინვალის რეგიონში კუსტურიცას ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო და მისი საქართველოში ჩამოსვლა მოითხოვს გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას.
ორგანიზატორების განცხადებით, საკითხის გარკვევამდე კონცერტი გადაიდო. არ არის გამორიცხული კონცერტი საერთოდ გაუქმდეს კიდეც.