აცრების დრო დადგა – საქართველოში გრიპის ვაქცინა შემოიტანეს

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს აცრა უფასოდ უტარდებათ.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უკვე შემოვიდა გრიპის ვაქცინა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილზე დაყრდნობით.

სპეციალისტები აცრას ოქტომბერში გვირჩევენ, რათა შემცირდეს გრიპით დაავადებისა და გაციების რისკი.

"როგორც წესი, აცრიდან ორ კვირაში იმუნიტეტი უკვე მთლიანად ყალიბდება ამ შტამების (ვირუსები, ბაქტერიები) მიმართ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციისთვის ახლა კარგი პერიოდია", — აღნიშნა ზახაშვილმა.

ჯანდაცვის საზოგადოებრივმა ცენტრებმა უკვე მიაწოდეს გარკვეულ პოლიკლინიკებს 27 ათასი დოზა, რათა უფასო აცრა ჩაუტარდეთ მაღალი რისკის მქონე ადამიანებს: 18 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს (დიაბეტი, დიალიზი), თავშესაფრებში მცხოვრებ ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებსა და მათ მომსახურე პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, რეანიმაციის, დიალიზის განყოფილებებისა და ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურე პერსონალს.

გრიპის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია პირბადის გამოყენება - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ, როცა ქვეყანაში გრიპი მძვინვარებს — ექიმის რჩევები

ყველა მსურველს შეუძლია ფასიანი აცრა ქვეყნის კლინიკებსა და პოლიკლინიკებში, სადაც უკვე შეტანილია ფრანგული ვაქცინა. აცრის ღირებულება 30 ლარია.

"იმუნიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის. რაც შეეხება ბავშვებს, მათთვის აცრა გრიპზე რეკომენდებულია ექვსი თვიდან", — განაცხადა ზახაშვილმა.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გრიპზე აცრა გარკვეულ გარანტიებს იძლევა.

"გრიპის ვაქცინაციის შემდეგ ძალიან მაღალი გარანტიაა იმისა, რომ ადამიანს არ შეხვდება გრიპის მძიმე ფორმა, შესაძლოა, ის დაავადდეს, მაგრამ სენს მსუბუქად გადაიტანს", — აღნიშნა ზახაშვილმა.

კონკრეტულად როდის გაჩნდება გრიპის პირველი ტალღა, სპეციალისტებს ამის თქმა არ შეუძლიათ, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, გრიპის სეზონი დეკემბრის ბოლოს — იანვრის დასაწყისში იწყება. სხვა რესპირატორული ვირუსები უფრო ადრეც შეიძლება გამოჩნდეს, აღნიშნა ზახაშვილმა.

"არასწორია იმის თქმა, რომ გრიპი აცივებასთან ერთად ჩნდება, ტროპიკულ ქვეყნებშიც ხომ არის გრიპი, მაგრამ იქ არასდროს ცივა. საქართველოში ახლა აცივდა, მაგრამ გრიპს ჯერ არ ველოდებით", — განაცხადა ზახაშვილმა.

გრიპი სხვა რესპირატორული დაავადებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს, განმარტა სპეციალისტმა. გარდა ამისა, ის უფრო სწრაფად ვრცელდება. ამჟამად შტამები სწორედ გრიპის წინააღმდეგ არსებობს, ვაქცინებით სხვა ვირუსებისგან დაცვა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეგვიძლია, აღნიშნა ზახაშვილმა.

ქართველი მედიკოსების განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, უსაფრთხოა და გამოცდილი. ვაქცინაცია აუცილებელია გრიპის სეზონის წინ, ყოველ წელს, ექიმის რეკომენდაციით. ავადმყოფობის დროს აცრა არ შეიძლება.

გრიპის ვირუსის საშიშროება - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „გრიპის შემდგომ გართულებებს ხელს დაბინძურებული ჰაერიც უწყობს“

სპეციალისტების აზრით, აცრა გრიპის აღკვეთის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ის დაავადების რისკს 50-60%-ით ამცირებს.

გრიპის პროფილაქტიკა:

1. გრიპით დაავადებულთან, ან ისეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, ვინც ახველებს ან აცემინებს;

2. ხელის ხშირი დაბანა;

3. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება;

4. შენობის ხშირად განიავება.

როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას

1. პირველ რიგში, იზოლირებული უნდა ვიყოთ ირგვლივ მყოფთაგან, რათა ვირუსი არ გავავრცელოთ;

2. მივიღოთ დიდი რაოდენობით C ვიტამინი და დიდი რაოდენობით სითხე;

3. ხშირად დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით, ხველებისა და ცხვირის დაცემინების შემდეგ;

4. მივიღოთ ექიმის დანიშნული წამლები.

Sputnik-საქართველო ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0