თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსის გაჩენას ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა არ იწვევს, მაგრამ შეიძლება დაბინძურებულმა ჰაერმა დაავადების შემდგომი გართულებების განვითარებას შეუწყოს ხელი, მიაჩნია ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანიას.
„ეკოლოგია გრიპის ვირუსის გავრცელებას არ იწვევს, მაგრამ ეს უწყობს ხელს იმუნიტეტის დაქვეითებას და ორგანიზმის დასუსტებას. ჰაერის დაბინძურების დონე თბილისში საკმაოდ მაღალია და ეს შეიძლება პრობლემა იყოს მოსახლეობისთვის გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევებში", — მიაჩნია ირაკლი სასანიას.
მისი თქმით, გრიპის ვირუსის პრევენციის პირველადი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს როგორც ავადმყოფობის მაჩვენებელი, ასევე შემდგომი გართულებები და სიკვდილიანობა. შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლება გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი ყველა ზომა მიიღო.
ამ დროისთვის 100 ათას მოსახლეზე 332 დაავადებული მოდის საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი კი 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა. წლის დასაწყისიდან საქართველოში H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 3 ადამიანი ხოლო H3N2-ის შედეგად კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.