თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. წლის დასაწყისიდან საქართველოში 160 ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 153 H1N1-ია, ხოლო 7- H3N2, განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გრიპით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 267 სკოლაში შეჩერდა, ხოლო თბილისის საბავშვო ბაღები 1 თებერვლამდე დაიხურა.
„მედიცინაში ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლოა იყოს გარკვეული ზრდა, თუმცა იმედი გვაქვს რომ არა რადიკალური“, — განაცხადა გამყრელიძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის ვიდეო ჩანაწერსაც პორტალი kvira.ge. აქვეყნებს.
გრიპით დაავადების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური აფეთქება საქართველოში მოსალოდნელი არ არის, აღნიშნა მან. ახალი მონაცემები გრიპით დაავადებულთა შესახებ 1 თებერვალს გახდება ცნობილი.
რაც სეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მაჩვენებელს, გამყრელიძის თქმით, გასული კვირიდან იგი 11%-იდან 20 %-მდე გაიზარდა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალბატონებს, გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები და ფრთხილად იყვნენ.
საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიურ ზღვარი ყოველ 100 ათას კაცზე 500 დაავადებულია, ამ დროისათვის საქართველოში ვირუსით 100 ათას კაცზე 332 —ია დაავადებული.