თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ყველაზე პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატებს თბილისში შაბათს, 30 სექტემბერს დაასახელებენ.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს „თიბისი ბანკმა“ და პენ-ცენტრმა დააფუძნეს. პრემიის მიზანია გასული წლის განმავლობაში ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო ავტორების გამოვლენა.
გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) 21:30 საათზე გაიმართება, აცხადებენ ორგანიზატორები.
დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.
წელს 300 საკონკურსო განაცხადიდან ფინალში 47 წიგნი გავიდა.
პრემია „საბას“ ფარგლებში საქართველოს საუკეთესო ლიტერატორებს გამოავლენენ ნომინაციებში: საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო პიესა, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი და ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი, საუკეთესო ელექტრონული წიგნი და ასევე პრიზი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
აღსანიშნავია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ნომინაცია „საუკეთესო პიესა“. როგორც ცნობილია, 2015-2016 წლებში ჟიურიმ პიესების არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო საუკეთესო დრამატურგები ვერ გამოავლინა.
ტრადიციულად, „საბას“ ერთ გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს. კერძოდ, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“, ჟიურის ფავორიტთან ერთად, „საბას“ პრიზი და ფულადი ჯილდო მკითხველის რჩეულსაც გადაეცემა.
წელს „საბას“ საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარია. ფინალისტების სრული სია, რომლებიც პრემია „საბას“ მოკლე სიაში მოხვდნენ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.