თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან არსებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა პარასკევს გაიმართება, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში ხუთი საკითხია, მათ შორის 2018 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა, ქვეყნის თავდაცვიუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ქვეყნის „თავდაცვის მზადყოფნისა" და „ეროვნული თავდაცვის გეგმის" პროექტების მნიშვნელოვანი საკითხები.
მოხსენებებით გამოვლენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. თემა — საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში.
უშიშროების საბჭო ასევე ნატოს მომავალ სამიტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წარადგენს.
უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები — პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.
საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის — ქვეყნის მთავარსარდლის სათათბირო ორგანოა. უწყების საქმიანობის სფეროებია საქართველოს სამხედრო ეროვნული სტრატეგიის საკითხები და თავდაცვის სისტემის ორგანიზება. უშიშროების საბჭოს ასევე ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს.