თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი, „ნიუ-ეიჯისა" და ჯაზის საუკეთესო შემსრულებელი კეიკო მაცუი თბილისელი მსმენელის წინაშე 8 ნოემბერს გამოვა.
თბილისში იაპონელი ვარსკვლავის კონცერტი, რომელზეც მისი საუკეთესო ჰიტები გაჟღერდება, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე გაიმართება.
მაცუისთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ასევე უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლიდინ ურინბაევის ხელმძღვანელობით.
კონცერტის ორგანიზატორია „საქართველოს ბანკის" კლიენტების პერსონალური მომსახურების სერვისი Solo და კომპანია „ალექს პრომოუშენი". Solo-ს კლიენტებისთვის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 29-30 სექტემბერს www.tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან კი ბილეთების შეძენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, აცხადებენ ორგანიზატორები.
კეიკო მაცუის ვირტუოზული ნიჭი მსოფლიოშია ცნობილი. მის სტილს კრიტიკოსები უწოდებენ „თანამედროვე ჯაზს" და „მუსიკას ინტელექტუალებისთვის".
17 წლის ასაკში კეიკო YAMAHA-ს მუსიკალური ფონდის საუკეთესო სტუდენტი გახდა, რითიც მას შანსი მიეცა მუსიკალური კომპოზიცია დაეწერა კინოფილმისთვის, რაც მაცუის კარიერაში ტრამპლინად იქცა. მოგვიანებით გაჩნდა ჯაზ-ჯგუფი Cosmos, ხოლო 1999 წელს ახალბედა მუსიკოსმა Oasis Awards-ის ცერემონიაზე საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლის ჯილდო მიიღო.
მუსიკალური ხელოვნების გარდა, მაცუი სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში იღებს მონაწილეობას. 2001 წელს მაცუის მინი-CD A Gift of Hope-სგან მიღებული შემოსავალი ძვლის ტვინის დონორების ეროვნული პროგრამის მხარდაჭერას მოხმარდა.