თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს 2017 წლის 8 დეკემბერს ესტუმრება საკულტო იუგოსლავიელი და სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელიც ევროპის უმსხვილესი კინოფესტივალების ჯილდოების — მათ შორის კანის კინოფესტივალის ორი "ოქროს პალმის რტოს" მფლობელია.
კუსტურიცა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, სერბეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი, კინოში მოღვაწეობის გარდა, ცნობილია როგორც ფოლკ-როკ ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს გიტარისტი.
სწორედ ამ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად კუსტურიცა პირველად თბილისს ეწვევა.
თავიდან ჯგუფი Pseudobluz bend-ის სახელწოდებით 1978 წელს "დოქტორ" ნელე კარაილიჩმა და სეიო სექსონმა შექმნეს. 1984 წელს მათი პირველი ალბომი Das ist Walter-ი გამოვიდა და იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჯგუფი სწრაფად გახდა პოპულარული. 1986 წელს ჯგუფს ბას-გიტარისტის სახით ემირ კუსტურიცა შეუერთდა.
1998 წელს ნელემ ჯგუფის სახელწოდება შეცვალა და ჯგუფმა შეიძინა სახელწოდება The No Smoking Orchestra. იმავე პერიოდში ჯგუფმა ემირ კუსტურიცას ფილმის "შავი კატა, თეთრი კატა" საუნდტრეკი ჩაწერა. საუნდტრეკმა კინომუსიკის საერთაშორისო ბიენალეზე ფილმის საუკეთესო მუსიკის ჯილდო მოიპოვა.
ჯგუფი The No Smoking Orchestra მთელ მსოფლიოში კონცერტებს მართავს. საქართველომდე ჯგუფი კონცერტებს გამართავს რუსეთში, ყაზახეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჩილეში.
ემირ კუსტურიცას და ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს კონცერტი თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე გაიმართება.