თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ტურიზმის ზრდა მისასალმებელია, მაგრამ სტუმარმა და მასპინძელმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, ბრძანა ქადაგებისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა 28 სექტემბერი საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების დღედ გამოაცხადა და გამოვიდა ინიციატივით, მრევლთან ყოველკვირეული შეხვედრები გაიმართოს.
„მინდა, მოვისმინოს თქვენგან, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნოს თავისი სახე. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ და ვამბობთ იმის შესახებ, რომ აი, ბევრი ტურისტი ჩამოდის. ეს გვახარებს. ტურისტთან ერთად შემოდის მატერიალური დოვლათიც. საქართველოს აქვს მიზიდულობა. მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ, თუ არა? რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა — თავისი", — ბრძანა ილია მეორემ.
ამასთან კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს ლოცვით გამთლიანებისკენ მოუწოდა.
„გადავწყვიტეთ, რომ ყოველ შაბათს და არა ხუთშაბათს, 12:00 საათზე იქნება ღვთის სამადლობელი პარაკლისი. თუ ადამიანს არ აქვს დრო, ან რაღაც საქმეებით დაკავებულია, თავისი ლოცვა წაიკითხოს თავის სახლში, სამსახურში, შვილებთან ერთად. 12 საათზე ხალხი უფლის წინაშე ლოცვით უნდა გამთლიანდეს", — განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას", — აღნიშნა ილია მეორემ.
ყოველკვირეულ შეხვედრებზე შაბათობით სასულიერო პირები და მრევლი ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას განიხილავენ და ქართველი ხალხის გამთლიანების გზებს მონახავენ.