ბიზნესმენის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© AP Photo / Reinhold Huegerichმართლმსაჯულების ქანდაკება
მართლმსაჯულების ქანდაკება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში ბიზნესმენის მკვლელობისთვის ერთ-ერთი მსჯავრდებული საქართველოში უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტით ჩამოვიდა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წელს "კუს ტბის" კომპლექსის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი და თითოეულს დაუსწრებლად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოში სასიკვდილოდ დაჭრეს.

სასამართლო განხილვისას შეისწავლეს სამხილები, რომლებმაც დაადასტურა, რომ გურბანოვი და დოევი საქართველოში 2015 წლის 13 იანვარს ჩამოვიდნენ. ამასთან, პირველს უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტი ჰქონდა ალექსანდრ დამეტოვის სახელზე, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს

მათ თბილისში, პეკინის გამზირზე იქირავეს ბინა, შეიძინეს "ჰონდას" მარკის მოპედი (სკუტერი), ჩაფხუტი, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

ბრალდებამ დაამტკიცა, რომ 28 მარტს ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას სადარბაზოში შეჰყვა და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო – თავის არეში.

ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა იმავე დღეს დატოვეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით.

სასამართლო განხილვისას დაიკითხა 50-მდე მოწმე, გამოკვლეულ იქნა 9 ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები. ამის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ ბრალდებულებს ფარიდ გურბანოვს და ოლეგ დოევს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი იმალებიან და მათზე გამოცხადებულია ძებნა.

ყველა ახალი ამბავი
0