თბილისში საბავშვო ბაღების ფანჯრებზე დამცავი კონსტრუქციები დამონტაჟდება

© Sputnik / Levan Avlabreliგისოსები სახლის ფანჯრებზე
გისოსები სახლის ფანჯრებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაღების ფანჯრებზე გისოსების დამონტაჟება სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკრძალულია, თუმცა განიხილავენ ფანჯრების დამცავი კონსტრუქციებით აღჭურვის რამდენიმე ვარიანტს

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა აცხადებს, რომ განიხილება საბავშვო ბაღების ფანჯრებზე დამცავი კონსტრუქციების დაყენების საკითხი.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ორშაბათს სამი წლის ბავშვი თბილისის №206 საბავშვო ბაღის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ამჟამად ბავშვი თავის ქალა-ტვინისა და გულმკერდის ტრავმით კლინიკაში იმყოფება.

112 - Sputnik საქართველო
თბილისში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ამ შემთხვევის შემდეგ ვებ-გვერდზე Manifest გამოჩნდა პეტიცია, რომლის ავტორები აგროვებენ ხელმოწერებს საბავშვო ბაღების ფანჯრებზე და აივნებზე გისოსების დაყენების მოთხოვნით. პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 900-მა ადამიანმა.

როგორც თორდინავამ განმარტა, საბავშვო ბაღების ფანჯრებზე გისოსების დამონტაჟება სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკრძალულია. კერძოდ, საქართველოს მთავრობის №370 დადგენილებით "სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე".

თუმცა, თორდინავას თქმით, დადგენილებაში საუბარია გისოსებზე, რომლებიც არ იხსნება.

"მიმდინარეობს მსჯელობა 2-3 ვარიანტზე. ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ არ დავარღვიოთ სახანძრო უსაფრთხოების, ასევე ოთახების განათებისა სტანდარტები, და ამავდროულად გავაძლიეროთ ბავშვების უსაფრთხოება", — განაცხადა თორდინავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

კონკრეტულად რა სახის კონსტრუქციები შეიძლება დამონტაჟეს ბაღების ფანჯრებზე, მას არ დაუზუსტებია. მხოლოდ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და სავალდებულო იქნება ყველა მოქმედი საბავშვო ბაღისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0