თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე.
ბაბლოიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორივე ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გააქტიურების აუცილებლობა და ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
კვირიკაშვილმა ბაბლოიანს ბორჯომის ხეობაში 2017 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მანამდე ბაბლოიანმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრობლობის საკითხები განიხილეს. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლობის ახალი ფორმატის განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ბაბლოიანმა და მარგველაშვილმა განიხილეს რეგიონული პროექტები, რომლებიც ორივე ქვეყანაში მშვიდობის განვითარების უზრუნველყოფისკენაა მიმართული. მარგველაშვილის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ხოლო საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, ხელი არ უნდა შეუშალოს ორივე ქვეყანას შესაძლებლობების რეალიზებაში, ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე.
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე რეფორმები, რომელთა ძირითად მიზანს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.